დეკანოიძე – განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე „შემაშფოთებელს“ უწოდებს, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ იყო მიწვეული, ხოლო თუ მიიწვიეს, რატომ არ წავიდნენ.

„საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს, იგივე ოკუპაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც აქვთ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, ერთად უნდა იყვნენ.

შემაშფოთებელი საკითხია და იმედია, ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს – რატომ ხდება, რომ უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები „დიდი შვიდეულის“ შეკრებაზე იმყოფებიან და იქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი – „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ იარაღის დაყრის შემთხვევაში არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიაპრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა