დეიმონ ვილსონი: არ მგონია ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

“ამერიკის ხმასთან” საუბარში ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია – რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

როგორც ვილსონი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა, როგორც სანდო პარტნიორმა და მას კარგი მაჩვენებელი აქვს.

“ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა როგორც სანდო პარტნიორმა, მას კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს განსაკუთრებით ეხება ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობას, საქართველო ერთი თავით უსწრებს ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს. საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია – რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ამავდროულად ბევრი მოკავშირე ზედმიწევნით აკვირდება საქართველოში რეფორმების გაგრძელებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გეოგრაფია მაინც უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია. არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა. მთლიანობაში ინტეგრაციას რაც შეეხება, ევროპის კავშირთან ურთიერთობების მშენებლობის პარალელურად ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. პირველ რიგში ეს ქართველებისთვის მათი დემოკრატიული ინსტიტუტების რწმენის ჩამოყალიბებაა, იგივე ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ეს თემები გამოცდებს გადის, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა. არსებითად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და ამ თემებზე დებატების შესაძლებლობა. ბევრ დარგში საქართველო თავის ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით. ვფიქრობ ეს სამართლიანია, თუ გინდა ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაშინ შენ მეტად დაგაკვირდებიან, ვიდრე მას, ვისაც იგივე მისწრაფებები არ აქვს. მე მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის. ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნებაა“, ეს ასე არ არის, მთავარი საქართველოა. შეხედეთ ევროპას, ის დღეს კრიზისშია, ის ლტოლვილების და მიგრანტების უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, არჩევნებში პოპულისტი ნაციონალისტები იმარჯვებენ, ევროპა თავის თავში არ არის ბოლომდე გარკვეული. ზოგჯერ ქართველებს ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს, სინამდვილეში კი ევროპის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და როცა შენს თავში დარწმუნებული არ ხარ შენს ჯგუფში ახალი წევრების დამატებისგან თავს იკავებ”, – განაცხადა ვილსონმა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს სასაფლაოსთან სროლის ფაქტზე საქმე აღიძრა
შემდეგი სტატიაპუტინის ახალი კანონით, რუსეთს უფლება აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს