დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფიკო ქაცარავას გადაეცემა დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ორდენის გადაცემა იმ განსაკუთრებული სამსახურისთვის მოხდება, რომელიც სოფო ქაცარავამ საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი, საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.

სოფო საქართველოს მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ჯილდო გადაეცემა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტის მიერ ორდენის გადაცემის ცერემონია დიდი ბრიტანეთის საელჩოში, ხვალ გაიმართება.

„ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც სოფომ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11 წლიანი მოღვაწეობის დროს. მის მიღწევებს შორისაა უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩივნინგის სტიპენდიების სქემა საქართველოში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წამყვანი პროგრამაა და ჩივნინგის კურსდამთავრებულთაგან შემდგარი ორგანიზაციის ქმედითად ჩამოყალიბება.

ასევე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს სოფიკოს მიერ გაწეული სამუშაო დიდ ბრიტანეთში უილტონ პარკის კონფერენციებზე წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების თუ არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენელთა დასწრების შუამგლომლობა, რაც დადებითად აისახება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე”, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

სოფო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე 2005-2016 წლებში მუშაობდა. 2016 წლის ოქტომბერში, იგი საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი გახდა.

ორდენი MBE საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული მიღწევებისთვის გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი
შემდეგი სტატიაოსმა ძალოვნებმა სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს