დედას სამი შვილი წაართვეს – რატომ დუმს არასამთავრობო სექტორი?!

ისინი სამნი არიან: საბინა – 2011 წელს დაიბადა,  ემინი – 2013, ილიაზი კი 2014-ში. მათ დედ-მამა უკანასკნელად 2016 წლის 25 დეკემბერს ნახეს – დედა პოლიციამ წაიყვანა, მამა კი დაკრძალეს. ბავშვების მამა იმ დროს მოკლეს, როცა ამ სამიდან ორს იმ ოთახში ეძინა, სადაც მკვლელობა მოხდა. საქმე, რომლის დეტალებს ქვემოთ წაიკითხავთ, ბავშვების რეაქციაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია მათი მდგომარეობა, როცა ახლადგაღვიძებულები გასისხლიანებულ და აჩეხილ მამას დაინახავდნენ, დედას კი ამაოდ დაუძახებდნენ.

საბინა 7 წლისაა, თავის ძმებზე უფროსი, ამიტომ მას კარგად ახსოვს დედა. დედა, რომელიც განგებამ ცოცხლად დაუტოვა და დედა, რომელიც ბავშვების მამის მკვლელობის გამო დააკავეს. დრეს გოგონა თავის ძმებთან ერთად მამის დედ-მამასთან ცხოვრობს, დედა დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ქალს, რომელსაც ბრალად ქმრის მკვლელობა დასდეს, სასამართლომ ერთწლიანი საპატიმრო ვადა მიუსაჯა და დანაშაული, რომელიც თავისი არსით სადისტურია, აფექტის დროს ჩადენილად დააკვალიფიცირა.

საბინამ და მისმა ძმებმა, დედა ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ვერ ნახეს – ასე გადაწყვიტეს  ბავშვების ბებია-ბებუამ. დედა დადის და სამართალს ითხოვს, მისთვის ხომ დედობის უფლება არავის ჩამოურთმევია, საბინა კი დედის სურათს მალავს. ერთხელ ბებიამ თუ ბაბუამ იპოვა საბინას მიერ კარტოფილის „გორაში“ გადამალული დედის სურათი და მიუხედავად იმისა, ბავშვი ცხარე ცრემლებით ტიროდა, დედის სურათი წაართვეს და დაუწვეს…

„თაიმერი“ აგრძელებს მარნეულის სოფელ ტაზაკენდში მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალების გამოქვეყნებას. სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://www.timer.ge/colma-qmari-danashauli-da-sasjelis-mikhedvith-mokla-vin-aparebs-khels-namdvil-mkvlels/ .

ჩვენ ვწერდით და ამჯერადაც გავიმეორებთ: საქმე, რომლის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ, „სხვა ვითარებაში“, „სხვა გარემოებებში“, „სხვა პირის მიმართ“ რომ ეწარმოებინა საგამოძიებო უწყებას, დღეს სრულიად საქართველოს არასამთავრობო სექტორი ამ თემაზე ისაუბრებდა და კატეგორიულად მოითხოვდა გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დასჯას!
სრულიად საქართველოს უფლებათადამცველები, ისაუბრებდნენ ჩაგვრაზე, არასამართლიანობასა და არაკანონიერებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ საქმეში!
სრულიად საქართველოს ქალთა უფლებების დამცველები, არ მოისვენებდნენ და ყველას დაუმტკიცებდნენ როგორ აწამებენ, დევნიან 25 წლის გოგოს!
სრულიად საქართველოს ე.წ. ცნობადი სახეები, ე.წ. პუბლიცისტები, ხელზე დაიხვევდნენ ერთი გაუბედურებული ქალის, სამი შვილის დედის, ისტორიას და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის საქმის გაუკუღმართებაში, კანონის უგულებელყოფაში, უდანაშაულო (აქ შეიძლება გვეხმარა სამართალწარმოებაში დამკვიდრებული ტერმინი – სავარაუდო – იმ „უბრალო“ გარემოებისა გამო, რომ შემდგარი დანაშაულის ბრალდებით განაჩენი დამდგარია და პატიმარმა სასჯელი მოიხადა, თუმცა რატომ არ გამოვიყენეთ ეს ტერმინი, სტატიის შინაარსის გაცნობისას მიხვდებით) ქალის დასჯასა და მისთვის შვილების წართმევაში (ასევე უკანონოდ, ამ ქალისთვის დედობა კანონს არ ჩამოურთმევია), გამომძიებლებისა და პროკურორების, მოსამართლეების მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევაზე, ისაუბრებდნენ გაუთავებლად, ყველა მედია საშუალებაში – ბეჭდურში, ინტერნეტგამოცემებში თუ ტელევიზიაში.
მაგრამ ეს საქმე არის „ერთი ჩვეულებრივი საქმე“, რომლის მსგავსი „ათასში ათასივეა“ და ერთ „უბრალო მოკვდავს“, სამი შვილის არაცნობილ დედას ეხება! ამიტომ დუმს ყველა!

დიახ, დუმს ყველა. მეტიც, 25 წლის ტურკან ქერიმოვას, ექსპერტიზამ დაუნიშნა ფსიქოლოგთან კონსულტაციები. ეს არ მოიცავს ერთჯერად კონსულტაციას, ესაა მკურნალობის კურსი, თუმცა ფსიქოლოგი ტურკანს ეუბნება: „მარნეული შორსაა და მხოლოდ თვეში ერთხელ შემიძლია ჩამოვიდე, როცა ტურკანმა ფსიქოლოგს უთხრა: მე თავად ჩამოვალ, ფსიქოლოგმა დრო არა მაქვსო.  ესეც საინტერესო დეტალია ამ მეტად უსამართლო საქმეში.

ვიდრე შემოგთავაზებთ ტურკან ქერიმოვასთან ინტერვიუს, მოგახსენებთ, რომ „თაიმერი“ ჩასული იყო სოფელ ტაზაკენდში, სადაც, როგორც გვითხრეს: „ყველამ ყველაფერი იცის რუსლანის მკვლელობის შესახებ“. ვინ რა იცის, ამისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სოფლის საჩაიეში თუ შეხვალთ და არ იტყვით რომ ჟურნალისტი ხართ, ათიდან რვა ადამიანი გეტყვით, რომ ტურკანის ქმრის დედ-მამა სახელმწიფოსაგან თითო ბავშვზე 100 ლარიან დახმარებას ღებულობს და რომ სწორედ ამ ფულის გამო არ აძლევს ოჯახი დედას შვილებს. იმასაც გეტყვიან, რომ რუსლანი „სამართლიანად მოკლა თავისმა ბიძაშვილმა, რომელიც ოჯახის ნამუსს იცავდა“, თუმცა იქვე დაამატებენ: „რას ერჩიან ამ გოგოს, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია“.

მართლაც, რას ერჩიან ტურკანს, მითუმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ნაჯახზე, რომლითაც მისი ქმარი იქნა მოკლული, ტურკანის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, ნაჯახზე საერთოდ არავის ანაბეჭდი არაა. მეტიც, ექსპერტიზამ დაადასტურა რომ რუსლანი ჯერ ნაჯახით აკუწეს, შემდეგ კი გაგუდეს. სოფელში იმ პირის ვინაობაც იციან, ვინც რუსლანი გაგუდა და ეს ადამიანი ტურკანი არაა.

საინტერესოა, რატომ ვერ გაარკვია გამოძიებამ დეტალები, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი? ერთ-ერთი ვერსიით, რეალური დამნაშავეთა წრის ახლობელი ბაქოში ძალიან გავლენიანი დეპუტატია და ამ საქმეში ასევე ჩართულია ადგილობრივი სასულიერო პირიც, ამიტომ „ვერ გაარკვია“ გამოძიებამ მკვლელობის რეალური მიზეზი, „ვერ დაადგინა“ რეალური მკვლელები და ამიტომ შეიკერა საქმე თეთრი, ადვილად ხილული, ძაფით.

ამონარიდი ტურკან ქერიმოვას ჩვენებიდან, რომელიც მან გამოძიებას მისცა:

„2009 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი მოალაქე რუსლან ქერიმოვთან, რომელთანაც მყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ქორწინებიდან ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობდი ჩემი მეუღლის რუსლან ქერიმოვის სახლში, მარნეულის სოფელ ტაზაკენდში… თავიდან მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა კარგი, თბილი ურთიერთობა, თუმცა მან ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაიწყო სისტემატიურად ალკოჰოლური  სასმელის მიღება, რის შემდეგაც სახლში სულ ჩხუბობდა, ის უმიზეზოდ მეჩხუბებოდა როგორც მე, ასევე მის მშობლებსაც. მინდა განვმარტო, რომ რაც მე რუსლანს გავყევი ცოლად მას არასდროს უმუშავია. ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ზაფხულობით მიდიოდა რუსეთში და მუშაობდა მშენებლობაზე, თუმცა მას სახლში თანხა არ მოჰქონდა. რუსლანი როდესაც იყო ნასვამ მდგომარეობაში ყოველთვის მაიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირი  დამემყარებია გაუკუღმართებული ფორმით, რაც მე არ მინდოდა, თუმცა მეშინოდა რომ არ ვეცემე, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში ის იყო ძალიან აგრესიული, რის გამოც მას ვთანხმდებოდი და იგი ჩემთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა უკანა ტანიდან. იგი ასევე მოითხოვდა მასთან მქონოდა ორალური სექსი, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო, თუმცა მის მოთხოვნას ვასრულებდი, ვინაიდან, როგორც განგიმარტეთ, მეშინოდა მისი. აქვე დავამატებ, როდესაც რუსლანი იყო ნასვამი, მას ძალიან უჭირდა სქესობრივი კავშირის  დამყარება, ვინაიდან მას არ ქონდა ერექცია, რის გამო მაიძულებდა ხელებით და ტუჩებით მივფერებოდი სასქესო ორგანოზე, რათა შეძლებოდა სქესობრივი კავშირის დამყარება. მან ჩემთან უკანა ტანიდან ბოლოს სქესობრივი  კავშირი დაამყარა ა.წ. ზაფხულში, სანამ ის რუსეთში წავიდოდა. ასევე მინდა განგიმარტოთ, რომ ყოფილა შემთხვევები, მას ჩემთან სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული ფორმით დაუმყარებია ბავშვების თანდასწრებით, ვინაიდან ბავშვებს სძინავთ ჩვენს ოთახში, ხოლო როდესაც ნასვამი იყო, ამას არ უწევდა ანგარიშს. მე ამ შემთხვევისათვის ბავშვებს ვაიძულებდი გაეხედათ გვერდზე და ჩვენთვის არ ეყურებინათ…

… გვიან, არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა, მე გამაღვიძა კარების მოჯახუნების ხმამ, რა დროსაც დავინახე, რომ ოთახში შემოვიდა ჩემი მეუღლე, რუსლან ქერიმიოვი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგი იყო ისეთი ნასვამი რომ ბარბაცებდა. მის დანახვაზე მე დავაპირე წამოდგომა, რათა ჩავსულიყავი დაბლა და კბილები გამეხეხა, თუმცა მან ამის საშუალება არ მომცა, მითხრა რომ საწოლიდან არ ავმდგარიყავი. ამის შემდეგ მან გაიხადა შარვალი და ზედატანი… დაწვა. რუსლანმა დაიწყო საუბარი ვალების შესახებ, მითხრა რომ ჩემს ოქროს სამკაულებს, რომელიც მას ჩადებული ჰქონდა ბანკში, ვერ იხსნიდა, ვინაიდან თანხა არ ჰქონდა, ასევე საუბრობდა ბავშვების მოვლაზე, იძახდა რომ  უნდოდა ჩვენს შვილებს ესწავლათ და კარგი მომავალი ჰქონოდათ, რის პირობებსაც იგი ვერ უქმნიდა, რაზედაც მე ვუპასუხე, ასე თუ იყო აღარ დაელია ალკოჰოკლური სასმელი, რაზედაც ის ძალიან გაბრაზდა და მარჯვენა ლოყაში ორჯერ გამარტყა სილა, რაც მე მეტკინა, თუმცა ლოყაზე არანაირი დაზიანების ნიშნები არ მაქვს და ექსპერტიზას არ ვსაჭიროებ.“

ამ ინციდენტის შემდეგ, ტურკანის ჩვენების მიხედვით, რუსლანი დგება საწოლიდან, იცვამს  და გარეთ გადის, ბრუნდება ოთახში და ცოლს აიძულებს დაამყაროს მასთან „სექსობრივი კავშირი უკანა ტანიდან“. ჩვენების მიხედვით, ტურკანი ქმარს ეწინააღმდეგება: „ამის შემდეგ მან ყელის არეში მომიჭირა ხელი და იძახდა, ვინ ვიყავი და ამდენს როგორ ვუბედავდი, იძახდა რომ მომკლავდა… რუსლანმა ყელიდან მომაშორა ხელი, მარცხენა ხელი გადაწია მარჯვნივ, რის შემდეგაც დავინახე, რომ მას ხელში ეჭირა ნაჯახი, რომელიც მე ვნახე პირველად, მითითებული ნაჯახი შესაძლოა ყოფილიყო ჩვენი ოჯახის საკუთრება, თუმცა მე ის, პირველად ვნახე. ხელში არასდროს არ მჭერია და არასდროს გამომიყენებია. რუსლანი ნაჯახს ცხვირწინ მიტრიალებდა, ყვიროდა, როგორ ვუწევდი წინააღმდეგობას, იძახდა, რომ მითითებული ნაჯახით თავს მომჭრიდა. მე მას ვეხვეწებოდი დაწყნარებულიყო და ნაჯახი დაედო. მან რამდენიმეჯერ მომიღერა მითითებული ნაჯახი, თუმცა დაახლოებით ორ წუთში დადო ტუმბოზე, რომელიც დგას საწოლის მარცხენა მხარეს საწოლის თავთან. ამის დანახვაზე მე უცბათ გადავახტი რუსლანს, კერძოდ, გადავხტი საწოლის მარცხენა მხარეს, მარჯვენა ხელი ვტაცე იქვე ტუმბოზე მის მიერ დადებულ ნაჯახს, რომელიც მას ორივე ხელით რამოდენიმეჯერ ჩავარტყი“…

მიუხედავად ამ მძაფრსიუჟეტიანი კადრებისა, საქმის მასალებში არ ჩანს გაიღვიძეს თუ არა ხმაურზე ბავშვებმა. ლოგიკურად, უნდა გაღვიძებოდათ.

ამის შემდეგ ტურკან ქერიმოვა, რუსლანის სისხლით დასვრილი ხელებით, სახითა და ტანსაცმლით, სახლიდან გარბის და მიდის ბებიამისთან. ჩვენების მიხედვით ტურკანს არ  ახსოვს – რამდენჯერ დაარტყა ნაჯახი მის ქმარს, ოთახიდან გამოვარდნილი რას ყვიროდა, მაგრამ კარგად ახსოვს ვინ დახვდა ბებიამისთან სახლში და ისიც ახსოვს იქ მისულმა რომ თქვა – რუსლანი მოვკალი: „მე სახლში აღარ დავბრუნებულვარ, ამის შემდეგ რა მოხდა არ მახსოვს“, – წერს ჩვენებაში ტურკანი. ანუ, მას არ ახსოვს როგორ მივიდა ბებიამისის სახლში პოლიცია, როგორ წაიყვანეს, მაგრამ ახსოვს: „როდესაც რუსლანს ნაჯახი დავარტყი, მას არ ეძინა, თუმცა ნაჯახის დარტყმის შემდეგ ხმა არ ამოუღია და მივხვდი რომ მოვკალი“ და ყველაზე მთავარი: „ინციდენტის დროს, როდესაც რუსლანი მეჩხუბებოდა და ყვიროდა მას ვთხოვდი ჩუმათ ესაუბრა, რადგან ბავშვებს არ გაღვიძებოდათ. რუსლანის ყვირილის დროს ოთახში არავინ შემოსულა. როდესაც რუსლანი ნაჯახს მიღერებდა მე ყვირილი არ დამიწყია, მე მას წყნარად ვთხოვდი, რომ ნაჯახი დაედო და არ მოვეკალი… როდესაც მე რუსლანს დავარტყი ნაჯახი, იქვე ოთახში გამოვიცვალე ტანსაცმელი, რა დროსაც ეძინათ და ოთახში არავინ შემოსულა… მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს, რუსლან ქერიმოვს, დავარტყი ნაჯახი, ხელები სულ სისხლიანი მქონდა, რომელიც დავიბანე ბებიაჩემის სახლში მისვლის შემდეგომ“.

ეს არის ჩვენება, რომელიც უტყუარ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ რუსლანი გაგუდული იყო, გამოძიება არ დაინტერესებულა და კითხვა არ დაუსვამს ტურკანისთვის, გაგუდა თუ არა მან ქმარი.

ტურკან ქერიმოვა:

_ 2009 წლის 25 ივნისს ჩამოვედი საქართველოში, 4 თვის შემდეგ ცოლად გავყევი რუსლან ქერიმოვს.

_ გიყვარდა?

_ ვაფასებდი, ის იყო ჩემი შვილების მამა.

_ მამობამდე?

_ თითქმის არ ვიცნობი.

_ როგორი ქმარი იყო, როგორი მამა?

_ ის თავისი შვილებისთვის კარგი მამა იყო, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მე ძირითადად სახლში ვიყავი, შვილების ვზრდიდი, არ ვმუშაობდი.

_ რა გახდა თქვენს შორის უკმაყოფილების მიზეზი? როგორც ვიცი, დღეს მოსაზრებები შეიცვალა და  შენი ყოფილი დედამთილი, თუ ადრე ამბობდა, რომ შენ და რუსლანს კარგი ურთიერთობა გქონდათ, დღეს უკვე  ამბობს რომ ცოლ-ქმარს შორის ცუდი ურთიერთობა იყო და რომ შენ და შენი ქმარი ხშირად ჩხუბობდით.

_  ესაა ტყუილი. მე არასდროს ვერეოდი მის საქმეში, არასდროს მითქვამს რატომ სვამ, ეს მე არ მანერვიულებდა, ჩემი მთავარი მიზანი იყო ბავშვების გაზრდა, საოჯახო საქმეები. რუსლანს ყოველდღე ეკამათებოდნენ მისი დედ-მამა, ყოველდღე იყო ოჯახში სკანდალი, ჩხუბი.

_ შენ თუ იცოდი რომ შენს ქმარს საყვარლები ჰყავდა?

_ ვიცოდი.

_ და არაფერს ეუბნებოდი?

_ არა.

_ ცოტა უცნაურია, მაგრამ აღარ გავაგრძელებ ამ თემას. გადავიდეთ ფაქტზე…

_ გამოძიების და სასამართლოს დროს, ვაღიარე დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მეღიარებინა დანაშაული და ვაღიარე. სასამართლომ ჯერ ორი წლით, გასაჩივრების შემდეგ კი ერთი წლით თავისულების აღკვეთა მომისაჯა. ციხიდან გამოსულს, ჩემი ქმრის დედ-მამა შვილებს არ მაძლევს. რა დავაშავე? ძალიან კარგად იციან სხვისი ჩადენილი დანაშაული რომ ავიღე თავზე, ისიც იციან ვინ მოკლა ჩემი ქმარი, დამტოვეს ქმრის გარეშე, დამაქვრივეს და ახლა შვილებსაც მართმევენ, რატომ?

_ რა მოხდა რეალურად?

_ მიუხედავად იმისა ჩემი ქმარი ხშირად სვამდა და ნასვამს ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, ვერავინ იტყვის, რომ მას ჩემთვის უკადრებელი ეკადრებინოს, არასდროს გვიჩხუბია, არასდროს! შეგიძლიათ იკითხოთ სოფელში, ვინც კი გვიცნობდა ყველა დაგიდასტურებთ ჩემს ნათქვამს.

_ გამოკითხვა არაა საჭირო, გამოძიების მასალებიდანაც კარგად ჩანს. ყველა, ვინც კი იძლევა ჩვენებას, ეს იქნება თქვენი მამამთილი, დედამთილი თუ რომელიმე ნათესავი, ან მეზობელი, აცხადებს რუსლანი ტურკანს არასდროს ეჩხუბებოდაო. ჩვენ გამოვაქვეყნეთ გამოძიების მასალები, საინტერესოა თქვენი ვერსია. რა მოხდა რეალურად?

_ ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა ჩვენს საძინებელში ჩუმად შემოვიდა რუსლანის ბიძაშვილი ასიფ ქერიმოვი და მისი ცოლი აინუტ ბარამოვა, მათ თან ახლდათ აინურის ძმა. გამაღვიძა შეხებამ, უფრო სწორად აინურმა ხელი დამაჭირა პირზე, ნახევრად გამოღვიძებული ლოგინიდან გადმომათრია და ოთახის მეორე ბოლოსკენ გამათრია, იმდენად მოულოდნელი იყო ეს და იმდენად შემეშინდა, ვერც კი გავუწიე წინააღმდეგობა. ამ დროს შევხედე მძინარე რუსლანს როგორ ჩაარტყა ნაჯახი ასიფ ქერიმოვმა. რუსლანი არ განძრეულა, ასიფი კი ურტყამდა. რამდენჯერმე ჩაარტყა ნაჯახი.

_ მესამე რას აკეთებდა?

_ მაჩუმებდა. შემდეგ ასიფმა და აინურმა სწრაფად ჩამომიყვანეს კიბეებზე და სახლის სარდაფში ჩამათრიეს.

_ ერთი წამით, ბავშვებმა გაიღვიძეს?

_ არა. სარდაფში ასიფმა და მისმა ცოლმა მითხრეს, თუ არ იტყვი რომ შენ მოკალი რუსლანი, შენს მძინარე შვილებს მოვკლავთ, ზუსტად ისე, როგორც შენი ქმარი მოვკალითო.  შეშინებული ვიყავი, გული წამივიდა რამდენჯერმე, გონზე მათ მოვყავდი. ბოლოს მითხრეს რომ ხმას თუ ამოვიღებდი და არ ვიტყოდი იმას, რასაც თავად მეტყოდნენ, ჩემს შვილებს მოკლავდნენ. მე ვუყურე როგორ მოკლეს ჩემი ქმარი და მივხვდი რომ ისინი დღეს თუ არა, ხვალ, ან ზეგ ჩემს შვილებსაც მოკლავდნენ, სხვა გზა არ მქონდა ვუთხარი რომ ყველას ვეტყოდი თითქოს რუსლანი მე მოვკალი. ამის შემდეგ ჩუმად ამიყვანეს მეორე სართულზე ჩვენს ოთახში, მითხრეს ჩამეცვა. ამ დროს შევხედე რომ ბავშვებთან ნაჯახით ხელში იდგა ასიფის ცოლოს ძმა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, ბავშვებსაც მომიკლავდნენ, ამიტომ იყო რომ არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის არაფერი მითქვამს. როცა ჩავიცვი მითხრეს გარეთ გადიო, გამოვვარდი გარეთ და აკანკალებულმა, შეშინებულმა, ისტერიული კივილი დავიწყე, თავს ვერ ვაკონტროლებდი და არც კი მახსოვს რას ვლაპარაკობდი. გავიქეცი ბებიაჩემის სახლში.

_ ბავშვები როგორ დატოვეთ?

_ როგორ მოვქცეულიყავი? მითხრეს გაიქეციო და გავიქეცი. იყვირე რუსლანი მკვდარიაო და ვყვიროდი.

_ რა იყო ამ მკვლელობის მიზეზი, მოტივი?

_ ციხიდან რომ გამოვედი გავიგე რომ რუსლანს ჰქონია თავისი ბიძაშვილის ასიფის ვალი, 3000 დოლარი. როდესაც ასიფს რუსლანისათვის მოუთხოვია ვალის დაბრუნება, მთვრალ რუსლანს უთქვამს, ვალს არ დაგიბრუნებო და იქვე დაუმატებია შენი ცოლიც და დაც ჩემი საყვარლები არიანო.

_ ესე იგი ეს შელაპარაკებაა მოტივი?

_ მთავარი ისაა, რომ მართლა ყოფილა ჩემი ქმარი მისი ბიძაშვილის ცოლოს და დის საყვარელი, მაგრამ მე მათთვის არაფერი დამიშავებია, რატომ გამწირეს?

_ აბა თავად ხომ არ იტყოდნენ აგერ ვართ და დაგვიჭირეთო? ახლა რომ ამბობ სიმართლეს, რატომ გგონია რომ შვილები დაცულები გყავს?

_ არა, ახლა მათ ვერავინ ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ მაშინ იყო საშიშროება და მე სხვა გზა არ მქონდა.

_ გამოძიება მოტივად სექსუალურ ძალადობას ასახელებს და ჩვენებასიც ასე გიწერია.

_ რაც მითხრეს ის დავწერე, სხვა გზა მე არ მქონდა.

_ მე წავიკითხე საქმის მასალები, წავიკითხე ჩვენებები, ერთ-ერთი მოწმე აძლევს ჩვენებას, რომ მან შენი ქმარი სადღაც 11 საათისთვის ნახა. შენ ამბობ რომ 10 საათზე უკვე საძინებელში იყო რუსლანი.

_ არა, რომ მოვიდა ეგრევე დაწვა და დაიძინა.

_ ასიფის ცოლი ამბობს ეზოში დავინახე 22 საათზეო.

_ ტყუილია, არსად არ გასულა. მოვიდა, დაწვა და დაიძინა. ის ძალიან მთვრალი იყო. როდესაც მისი ბიძაშვილები ჩვენს ოთახში შემოვიდნენ, რუსლანს ეს არც გაუგია.

_ ისევ გეკითხებით, ბავშვებმა გაიღვიძეს?

_ არ ვიცი, გონზე არ ვიყავი, მაგრამ რომ გაღვიძებოდათ აუცილებლად გავიგებდი. პირი მქონდა აკრული, სუნთქვა მიჭირდა, ვერ ვაზროვნებდი. ქვევით რომ ჩამიყვანეს და დაშინება დამიწყეს…

_ ბავშვებთან ვინ დარჩა ამ დროს.

_ სამივემ ჩამიყვანა სარდაფში, რუსლანი როგორც მოვკალით ისე მოგიკვათ შვილებსო, რა მექნა, რა მექნა? შევხედე როგორ მოკლეს ჩემი ქმარი, მე რა უნდა მექნა? რუსლანის ბიძაშვილს ეკავა სისხლიანი ნაჯახი და თვალწინ მიტრიალებდა, მეუბნებოდა – აი, ასე მოვკლავ შენს შვილებს. უდიდესი სტრესი მივიღე, უდიდესი, ნახევარ საათზე მეტხანს ვყავდი მათ  სარდაფში. სარდაფიდან ვერავინ გაიგებდა მათ ლაპარაკს, საძინებელში კი ბავშვებს ეძინათ, არ უნდოდათ მათი გაღვიძება. ზემოთ რომ ამიყვანეს, კიდევ დამემუქრნენ, თუ თავზე არ აირებ აგერ ბავშვები და ამათ დავხოცავთო. არ მახსოვს როგორ გავიქეცი ბებიაჩემის სახლში, გონზე მხოლოდ პოლიციის შენობაში მოვედი.

_ სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალაო, – წერია საქმის მასალებში და ხელები ბებიასთან დაიბანაო.

_ არ მქონდა სისხლიანი ტანსაცმელი. ხელები რომ სისხლიანი მქონოდა, თუნდაც ახალი ტანსაცმელი რომ ჩამეცვა, არ დაისვრებოდა?  ხომ მეუბნებიან რომ ბებიასთან დავიბანე ხელები, ესე იგი როცა ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი ხელები სისხლიანი მქონდა, ხომ? ახლა თქვენ მეკითხებით რატომ ვაღიარე? მისმინეთ (ტირის) ბავშვებს მოგიკლავთო მეუბნებიან და სხვა რა არჩევანი მქონდა? მათ წამართვეს ყველაფერი, მომიკლეს ქმარი, წამართვეს ბავშვები, წამართვეს ცხოვრება…

დაბოლოს, ტურკან ქერიმოვა შვილების დაბრუნებისთვის იბრძვის, კიდევ ხაზგასმით ვიტყვით, დიახ, ის არაა ე.წ. ცნობადი სახე, ერთი უბრალო აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, 9 კლასის განათლებით, მაგრამ ის დედაა და დედას შვილები თავისთან უნდა რომ ჰყავდეს! დაეხმარეთ ტურკანს შვილების დაბრუნებასა და სიმართლის დადგენაში.

 

banner
წინა სტატიაშიკოჯორი! SOS! SOS! SOS! – ჟურნალისტი ნანა გაგუა კოჯორში არსებულ ვითარებაზე
შემდეგი სტატიამინდელის შახტაში დაშავებულები თბილისში გადმოყავთ