დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა გაიზრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენისთვის განიხილა, რაც დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის შემოღებას მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია ,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხშირად აქვს ადგილი განაშენიანების მიზნით მწვანე ნარგავების დაზიანებას და სწორედ, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა არსებული სანქციების გამკაცრება.

banner
წინა სტატიაშიმინდა ვამხილო „ქართული ოცნება“ უსინდისო ტყუილებში, რომელსაც ისინი საზოგადოებას უკვე არაერთი კვირაა სთავაზობენ – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიაოლიგარქიამ ზუსტად ის სიტუაცია შექმნა, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს, ორივე ხელისუფლების უკან პუტინის ყურები მოჩანს – მიხეილ სააკაშვილი