დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება

16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება.

როგორც სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, მოძრაობის განტვირთვის მიზნითაა განპირობებული’’,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.
ამასთანავე, ცვლილება ხორციელდება უკვე არსებული ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზეც. კერძოდ, დაგრძელდა 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე იცვლება მოძრავი ერთეულების რაოდენობა და მცირდება ინტერვალები.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ინტერვალი მცირდება 20 მარშრუტზე, ხოლო ორს კი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.
შალვა ოგბაიძემ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ახალი პროექტი-,, უსაფრთხო გზა სახლიდან სკოლამდე’’ დააანონსა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით ხორციელდება.
,,აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. უნდა შეიქმნას სასკოლო ზონა, რაც გულისხმობს მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ნიშნებით ინფორმირებას, ასევე ზებრასა და შემანელებლების მოწყობას’’, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალურ პროკურატურაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაეუთოს გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს