დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტმა და ცენტრალურმა სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც თბილისია გამონაკლისი. სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესსექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდა კერძო სექტორი. მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნესსექტორს და იმ კომპანიებს, ვინც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართულია. მინდა იცოდნენ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში ისინი მარტო არ დარჩებიან. ჩვენგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს გაზრდის.

„ჩვენ მოგვიწევს გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ იმ მდგომარეობამდე დავბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. მოგვიწევს უფრო თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდეს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიოს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები – არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ სხვა, ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს. ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეწყვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით გარკვეული ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გამოტანა, თუმცა დღეიდან ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ. რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მოხდეს მათი პრივატიზება და შემოსავლების ნაწილში რა პრობლემაც გვაქვს, მოგვარდეს. ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უმოკლეს ვადაში იქნეს მოგვარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატია„თბილისის ტაქსის“ მფლობელები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ