დედაქალაქის მერმა სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის საავტომობილო გზის სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე გზა ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზამთარში, გადაადგილება ძალიან უჭირს. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნულ გზას აუცილებლად მოვაწესრიგებდით. სამუშაოებზე დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება და დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. დედაქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და მიხარია, რომ ეს გზაც მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტი 5 კმ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში სულ 42 000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის მოცილების ღონისძიებები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიტატო კუჭავა: მე ვრჩები შსს პრესსამსახურში
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა კრემლში ანატოლი ბიბილოვი მიიღო