დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში საპარკე კულტურა მკვიდრდება და რეკრეაციული სივრცეებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქისთვის და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რამდენიმე ხნის წინ, „მზიურის“ პარკი გაიხსნა. ასევე ვარკეთილში, სამგორის რიაონში გავხსენით პარკი. გასულ წელს, გლდანში, მექვსე მიკრორაიონში მოეწყო დიდი საპარკე ზონა. მომავალ კვირას კი ოფიციალურად გავხსნით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკს, რომელიც ძალიან მაგარი გამოვიდა. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პროექტები, რადგან ძალიან დიდი პოზიტივია და მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საპარკე კულტურა შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე გავაჩინოთ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მოხდეს.

„მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტების დამუშავება და შემდეგ მათი განხორციელება შევძლოთ. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. საჭიროა ასევე თანხების მოძიება. დენდროლგური პარკი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა, დაახლოებით, 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის მოწყობა, სადაც ადამიანებს ყველა რაიონიდან ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნინე ადგილები, გასართობი ზონები. რაც კი თანამედროვეობასთან არის კავშირში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი თანხების მოძიება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შენარჩუნდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მიიღეს ხუთ ქვეყანაზე გადაწყვეტილება