დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება

დედაქალაქის საკრებულო დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობს. ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი ჯამში მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება და ის სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელება თბილისის მერმა მოსახლეობას დაჰპირდა.
„თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია – 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები არის 757 მლნ ლარი, მათ შორის, 210 მლნ არის ქონების გადასახადი, ხოლო 547 მლნ არის დამატებული ღირებულების გადასახადი; სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მომსახურების მიზნით 43 მლნ 500 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 87 მლნ ლარი, მათ შორის, რაიონული საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 52 მლნ ლარი, ხოლო ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 35 მლნ ლარი. სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის 175 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამუშაოები, კეთილმოწყობა და თბილისის განვითარების ფონდის მიმართულება – 260 მლნ ლარის ხარჯებია გათვალისწინებული. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – 167 მლნ ლარი, ჯანდაცვის მიმართულებით 176 მლნ ლარი, ჯამში 20 მლნ ლარით არის გაზრდილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, განათლების მიმართულებით გამოყოფილია 208 მლნ ლარი, მათ შორის, 145 მლნ ლარი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების დაფინანსებისთვის, როგორც ბაღების მართვისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით გამოყოფილია 49 მლნ ლარი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე – არ ვაპირებთ მონაწილეობას ამ ბიუჯეტის დამტკიცებაში
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდება