დედა ტერეზას დღეს წმინდანად შერაცხავენ

დღეს, რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, დედა ტერეზას წმინდანად კურთხევის ცერემონიალი გაიმართება.

ცერემონიალს რომის პაპი ფრანცისკე გაუძღვება.

დედა ტერეზა, რომლის ნამდვილი სახელი აგნეს გონჯე ბოიაჯიუა, მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში 1910 წლის 26 აგვისტოს, ალბანურ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში ირლანდიაში წავიდა და მონაზონთა ორდენს “ირლანდიელ დათა ლორეცოს” შეუერთდა. 1931 წელს მონაზვნად აღიკვეცა და ტერეზას სახელი მიენიჭა.

მონაზონთა ორდენმა ინდოეთში მიავლინა, სადაც ის წმინდა მარიას სახელობის ქალთა სკოლაში ასწავლიდა, 1946 წლის 10 სექტებმერს კი, მას ორდენმა ავადმყოფთა და მიუსაფართა დახმარების უფლება მიანიჭა.

1950 წელს, დედა ტერეზამ დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები”, რომელშიც დღეს 4500 წევრია და ღარიბებს ასზე მეტ ქვეყანაში ეხმარებიან. დები 400 სხვადასხვა საქველმოქმედო კლინიკაში, სკოლებში და თავშესაფრებში მსახურობენ.

დედა ტერეზა მსოფლიოში მოწყალებისა და გულკეთილობის სიმბოლოდ არის აღიარებული. მას ჰუმანიტარული საქმიანობისთვის 1979 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს.

დედა ტერეზა 87 წლის ასაკში, 1997 წელს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ერდოღანი ბოლო ერთი თვის მანძილზე ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 2016 წელსვე მიიღებენ-იოჰანეს ჰანი