25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“დედ ჰასანის” შვილიშვილი მოწმეთა სიიდან ამორიცხეს — ფარცხალაძის საქმე სასამართლოს გადაეცა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

სხდომაზე მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. მან ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, ხოლო დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა მოწმეები, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი.

გარდა ამისა, სასამართლომ გადასინჯა რომანოვ-ფარცხალაძისთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა და ის ძალაში დატოვა.

ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამავე საქმეზე სასამართლომ მსჯავრდებულად უკვე ცნო ოთხი პირი — გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე. ოთხივეს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი:

ძმებს — გიორგი და დავით მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის ჰქონდათ წარდგენილი. გიორგი ჯოხაძე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებაში.

გელა უძილაური მსჯავრდებულია ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის.

banner
წინა სტატიაშივეტერანი ზურაბ შამუგია: გიორგი ბარამიძის განცხადება ყველა დაღუპულის ოჯახისა და ვეტერანის შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა