,,დაზვერვის და კონტრდაზვერვის ფუნქციების შერწყმა გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ორივე მიმართულებას”

დაგეგმილია არა დაზვერვის ქვედანაყოფის შექმნა სუს-ის სისტემაში, არამედ დაზვერვის და კონტრდაზვერვის ფუნქციების ერთმანეთთან შერწყმა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ორივე მიმართულებას, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 112 კანონპროექტიანი პაკეტის პირველადი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები.

„დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემმუშავებელი და მაკოორდინირებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის საერთოდ გაუქმება (ცხადია, ახლად შექმნილ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საერთო არაფერი აქვს ამ თემასთან). დაგეგმილია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის გაუქმება და დაზვერვის ფუნქციის გადაცემა სუს-ისთვის, არამედ საგარეო დაზვერვისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რეჟიმის დაუსაბუთებელი და ხშირად დამახინჯებული გავრცელება მთლინად სუს-ის მასშტაბით. მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომუშავე მზვერავის „ჩავარდნისას“ (იმ ქვეყნაში დაკავებისას) გათვალისწინებული მიდგომები მთლიანად ვრცელდება სუს-ის ყველა მოსამსახურეზე და თანაც მათ მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებშიც: სუს-ის კანონის 41-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები: 20. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ; 21. ამ მუხლის მე-18 და მე- 20 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით.

დაგეგმილია ე. წ. „ოდეერების“ სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა; სუს-ის კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტები: 3. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში“, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილ სამთავრობო სტრუქტრულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შექმნილ ვითარებაში, დავით უსუფაშვილი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას 112-კანონპროექტიანი პაკეტის დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში განხილვა და სამი მოსმენით მიღება.

ასევე, მიმართავს საქართველოს სტრაგეგიული მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს, დროული და კვალიფიციური რჩევებით მოამარაგონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემებმა შეძლოს როგორც ქვეყნის საჭიროებებთან გამკლავება, ისე საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობასთან საიმედო ურთიერთსასარგებლო საიმედო თანამშრომლობა.

დავით უსუფაშვილი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნაზე აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, რომელიც ცვლილებათა ამ პაკეტით და კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაუქმებული ორგანოების ფუნქციას შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია სალომე სამადაშვილს – სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს საქართველოში ჩატაევი, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – ცვლილებების მიზანი მთავრობის მაქსიმალური ეფექტიანობაა