“დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს, ამის ავტორს ეტყობა, ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია”

განათლების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის მომავალ პროგრამებში მოსწავლეებისთვის საზეპირო დავალებები იქნება, თუმცა ის მნიშვნელოვნად შემცირდება.

მინისტრი პროგრამიდან საზეპიროების სრულად ამოღებას გამორიცხავს.

“ჩვენთან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ მინისტრმა რაღაც თქვა, ერთი კაცი წყვეტს და ყველაფერი შეიცვლება. საზეპიროებთან დაკავშირებით, ცვლილებები არ იგეგმება. ჩემი მოსაზრება, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს.

ამის ავტორს ეტყობა ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია. მას მინდა ვუთხრა, რომ ტვინში არის რამდენიმე მიმართულება, ზოგი პასუხიმსგებელია დაზეპირებაზე, ზოგი – აზროვნებაზე. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი განათლების სისტემა პირველ რიგში, იმ ნაწილებს ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

“სკოლებში საპროექტო სამუშაო გაჩნდა, რომელიც ადრე სულ არ იყო. დავალებას იღებენ მოსწავლეები, რომ ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან და თავად მოიძიონ ინფორმაცია. ეს ორი მიდგომა – “შენი მოსაზრება გამოთქვი” და “აგერ წიგნში წერია და დაიზეპირე” სრულიად საპირისპიროა. ვეცდებით, საზეპიროები არ გავაქროთ, მაგრამ ნაკლები იყოს და მეტი იყოს სააზროვნო, საპროექტო, კრიტიკული სასწავლო მასალა სკოლის პროგრამებში”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება
შემდეგი სტატია“მომავალი წლიდან მოსწავლეთა ჩანთები შემსუბუქდება” – ალექსანდრე ჯეჯელავა ცვლილებებს გეგმავს