დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია მეორეს – ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერის ცემის ფაქტთან  დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დაზარალებულის მიმართ მუქარა არ განხორციელებულა. მისი განცხადებით, რემიკპოღოსიანის დაკითხვის მთელი პროცესი ვიდეოზეა დაფიქსირებული.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დაზარალებული და გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მისი თქმით, შსს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს სიმართლის დასადგენად.

ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რაღაც ზეწოლა განხორციელდა, მუქარას ჰქონდა ადგილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ამის განხორციელების დრო არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანი საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა, პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია – მეორეს, ჩვენ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას მაინც ვატარებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც და საგამოძიებო ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც ისჯება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დაზარალებული თავდასხმის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს ფიზიკურად ნიღბიანი მამაკაცები გაუსწორდნენ. მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაემუქრნენ, რომ მომხდარის შესახებ არ ესაუბრა.  დაზარალებულის მამის ინფორმაციით, თავდასხმაში “ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი, მისი ძმა და ძმისშვილი მონაწილეობდა. ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მან კვირას გადაცემა P.S.-ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის, მკოიანის კორუფციულ ინტერესებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო”- ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს
შემდეგი სტატია„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მთავარი ბუღალტრი ამბობს, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ