დაზარალებულებმა კერძო მევახშის, გივი აზმაიფარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შემოსავლების სამსახურში შეიტანეს

„მშენებლობებით, იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ“ და მევახშეებისგან დაზარალებულმა პირებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მევახშეების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ დღეს 700 ათასამდე ადამიანს იპოთეკური სესხი აქვს, თუმცა ყველაზე კაბალური პირობები კერძო მევახშეებს აქვთ, რომლებიც ხშირად თაღლითურ სქემებს მიმართავენ და მოსახლეობას ღია ცის ქვეშ ტოვებენ.
„ ჩვენი ასოციაცია უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს იპოთეკითა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით. ამ პერიოდში გამოვლინდა ორი ტიპის კერძო იპოთეკარები: კონტიგენტი, რომელიც აღიარებს რომ მათ ჰქონდათ ფული გასესხებული და ამ გზით ჰქონდათ უძრავი ქონება გადაფორმებული და დადგა რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მათ დაზარალებულებს დაუბრუნეს ქონება, მაგრამ არსებობენ მევახშეები, რომლებიც ჯიუტად უარყოფენ, რომ მათ ფული ჰქონდათ გასესხებული და ამ ხარჯზე მოიპოვეს ქონება, ისინი ამბობენ, რომ ბინები უბრალოდ შეიძინეს და ცდილობენ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით თაღლითური გზით ხელში ჩაიგდონ გასესხებულ თანხაზე 10-ჯერ და 20ჯერ მეტი ღირებულების ქონება. კონკრეტულად დღეს ჩვენ შევაგროვეთ ერთ-ერთი კერძო მევახშის გივი აზმაიფარაშვილის მიერ დაზარალებული ხალხი და მათი კოლექტიური სარჩელი შევიტანეთ ფინანსურ პოლიციაში“_ აცხადებს ასოციაციის დამფუძნებელი გიგა წულეისკირი.
ასოციაციას უკვე ჰყავს იურისტთა გუნდი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მევახშეებისგან დაზარალებულ მოსახლეობას და უწევენ იურიდიულ კონსულტაციას.
„ ჩვენ საქმე გვაქვს საქმე ე.წ. თაღლით მევახშეებთან, რომელთა შემუშავებული სქემის საფუძველზე უამრავმა ადამიანმა დაკარგა მოძრავი თუ უძრავი ქონება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ შევისწავლეთ თითოეული დაზარალებულის საქმე , რომლებმაც დახმარების თხოვნით მოგვმართეს. მოვიპოვეთ საკმაოდ მყარი, პოტენციური მტკიცებულებები, რასაც გადავცემთ საგამოძიებო ორგანოს და გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ თითოეული თაღლითის ქმედებას მოჰყვება ადეკვატური შეფასება და ქმედება. როდესაც ვეცნობოდით საქმეებს, აღმოჩნდა, რომ ამ საქმეებში მოქმედებს არა მხოლოდ ერთი თაღლითი მევახშე, არამედ ეს არის წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი, რომელთა მიზანია ხალხის მოტყუება, მათი გამწარება და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ღია ცის ქვეშ დატოვება. არ ვაპირებთ გაჩერებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქართველოში ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და თითოეული დაზარალებულის უფლება აღდგეს“- აცხადებს იურისტი გაგი ჩოხელი.
დარეჯან კვარაცხელია ერთ-ერთია იმ დაზარალებულთა შორის რომელიც ხელს აწერს საჩივარს, რომელიც კერძო მევახშის გივი აზმაიფარაშვილის ქმედებებით ზარალი მიადგა.
„მევახშეები იძულებულს გხდიან ფული გადაიხადო იმაში რომ ბინა წაგართვან. რა თქმა უნდა ფულსაც იღებენ. არავინ არ იფიქროს რომ ჩვენ სესხი ავიღეთ და მისი გადახდა არ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 700.000 ადამიანი არის ამ დღეში ზოგი ბანკებისგან მიკრო საფინანსოებისგან და კერძო მევახშეებისგან. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, გივი აზმაიფარაშვილის ინტელექტი, გონება განათლება წარსული, ვერაფრით ვერ გააკეთებდა იმ ხლართებს რაც არის ჩვენს საქმეში ამიტომ ხელისუფლება თუ არ ძალადობს მოსახლეობაზე მიიღოს შესაბამისი მარეგულირებელი კანონი. ჩვენ ვიხდით თანხას თუმცა ვითხოვთ ეს იყოს გონივრული რეალური თანხა რისი გადახდაც ადამიანს შეუძლია“- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
როგორც ასოციაციის იურისტები აცხადებენ გარდა კერძო პირების დაზარალებისა , მევახშეები სახელმწიფოს დიდი ოდენობით გადასახადსაც უმალავენ. იურისტები იმედს იტოვებენ რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოხდება კონკრეტული ასობით ქეისის შესწავლა და იმ პირების გამოვლენა და დასჯა, რომლებიც ხშირად სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიან და მოსახლეობას საცხოვრებელ ფართებს ართმევენ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას თქმით, უკვე ჩანს, რომ ეს მუნიციპალური არჩევნები ყველაზე ბინძური და სიცრუით გაჯერებული არჩევნები იქნება