დაზარალებულ მოქალაქეებს 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2016 14:44

დაზარალებულ მოქალაქეებს 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ

MOKსაქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 11 სექტემბერს მთავარ პროკურატურას დაკავებული ჰყავდა შპს „მშენებელი XXI საუკუნე“-ს დამფუძნებელი სამსონ ცეცხლაძე, რომელსაც ედავებოდნენ საცხოვრებელი ბინების უკანონოდ რეალიზაციას და მიღებული თანხების დაუფლებას.
გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ სამსონ ცეცხლაძეს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მთლიანობაში უნდა გადაეხადა 300 000 ლარი, საიდანაც 100 000 ლარი იქნებოდა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, ხოლო დარჩენილი 200 000 ლარით მას პროკურატურისთვის უნდა შეეძინა 5 ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენლის გადმოცემით, სამსონ ცეცხლაძეს დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა.
აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დაკავებული მშენებელი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად, ოჯახის წევრების მეშვეობით, 200 000 ლარად, ,ჰიუნდაი“ ცენტრში შეიძინა 4 ერთეული „ჰიუნდაი სონატა“-ს და 1 ერთეული „ჰიუნდაი IX 35“-ის მარკის ავტომანქანა, რომლებიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა პროკურატურას. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ე.წ. ,,ჩრდილოვანი პირობა“ – ა/მანქანების დათმობა. საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ა/მანქანები პროკურატურას აჩუქა.
აღნიშნული 5 ა/მანქანა, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და სარგებლობაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საკუთრებაში დაუბრუნდება დაზარალებულ მოქალაქეს -სამსონ ცეცხლაძეს.
ასევე, პროკურატურისგან დაზარალებულ კიდევ ერთ მოქალაქეს – ამირან ბეგიაშვილს დაუბრუნდება იძულებით ჩამორთმეული 80 000 ლარი. კერძოდ, 2010 წლის მარტის თვეში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა შ.პ.ს. „ბა & ბი“-ს საქმიანობას, რა დროსაც ხსენებული კომპანიის დირექტორს ამირან ბეგიაშვილს უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იძულებით ჩამოართვეს 80 000 ლარი, რაც იმჟამინდელი პროკურატურის თანამშრომლების განმარტებით უნდა ყოფილიყო საწარმოს საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაკისრებელი ჯარიმის თანხა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამირან ბეგიაშვილის და მისი კომპანიის მიმართ გამოძიების მიერ არ დადგინდა რაიმე დარღვევის ფაქტი და შესაბამისად არ ყოფილა რაიმე სახის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, ამირან ბეგიაშვილი საქმეში დარჩა მოწმის სტატუსით და მისთვის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული თანხის განკარგვა არ მომხდარა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.
ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოქალაქე სამსონ ცეცხლაძეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე არსებული 5 ა/მანქანა, ხოლო მოქალაქე ამირან ბეგიაშვილს გამოძიების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული 80 000 ლარი.
ამ დროისათვის, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 დანაშაულებრივი ეპიზოდი; მხილებულია 29 საჯარო მოხელე, 5 საჯარო მოხელის მიმართ მიმდინარეობს სისხლსამართლებრივი დევნა (კონსტანტინე არჩაია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე).
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ზემოაღნიშნული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დაზარალებულად ცნობილ იქნა 57 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ: 46 ა/მანქანა, 9 მიწის ნაკვეთი; 3 საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 დასახელების ოქროს ნაკეთობები; აკურას ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, დამაგრებული მიწის ნაკვეთით; გორის საცურაო კომპლექსი – შპს ,,აკვაპარკი„ და თანხა 80 000 ლარი.
ჯამში დაბრუნებულია 16 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება.
სამართლებრივი პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2016 14:44

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics