“დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით…” – პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა

როდესაც პატივცემული კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის არჩევის უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან, რითი იქნება ჩვენი ცხოვრება უკეთესი გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„საზოგადოებას, რომელსაც აქვს უფლება აირჩიოს არჩევის წესი და ამ უფლებით არის აღჭურვილი დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან, ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ. შევუნარჩუნოთ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე – როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, ის ხომ უნდა ამიხსნა, რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი? პოლიტიკოსებისგან ბევრი განცხადებები მომისმენია, ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ, ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლითო. ეს არგუმენტები კომიკურია. მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მაღალი პოლიტიკური მანდატით აღჭურვილ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ითამაშოს დამაბალანსებელის როლი ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.

„მაღალი პოლიტიკური მანდატი გაძლევს იმის უფლებას, რომ შენს დამაბალანსებელ ფუნქციას, შენს უფლებას, განაცხადო ამა თუ იმ საკითხზე შენი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა. თუ ჩვენ პრეზიდენტს ავირჩევთ არაპირდაპირი გზით, სამასი კაცი აირჩევს თუ ოთხასი, ასეთი მაღალი წონა არ ექნება პრეზიდენტის პოზიციას და პრეზიდენტი, ფაქტობრივად, საერთოდ გაქრება ძალთა ბალანსიდან. ხელისუფლების ყველა შტო – აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო – უნდა იყოს დაბალანსებული ერთმანეთთან მიმართებაში და უნდა ჰქონდეს საპირწონე. თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს არის რეალური პრობლემა. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონსოლიდაცია ხდება. მთავარი მდგომარეობს შემდეგში – თქვენ ყველას გაქვთ უფლება და ვალდებულებაც, რომ თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროთ არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით და როდესაც პატივცემული კოსნტიტუციონალისტები ამ უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან, რითია ჩვენი ცხოვრება უკეთესი გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგადად ქვეყანაში მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა იყოს.

„რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ახლოსაა ხელისუფლება ხალხთან და მით უფრო ვალდებულად თვლის თავს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას. მე მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს სხვა თანამდებობებიც არჩევითი“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში ბოევიკების თავდასხმის გამო სამხედროები დაიღუპნენ
შემდეგი სტატიაუკრაინის შსს ექს-დეპუტატის მკვლელის სახელს ასაჯაროვებს