დავითულიანი – საქართველოში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომი იქნებოდა და ეს თქვა არესტოვიჩმა, ვადასტურებ, რომ ჩვენ ომს არ ვაპირებთ

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს, თავიდან აიცილოს ომი და დასავლური პერსპექტივა შეინარჩუნოს, ვიდრე რეგიონში უსაფრთხოების ასეთი რისკებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

დავითულიანის თქმით, საქართველო ომს არ აპირებს.

„არესტოვიჩის დღევანდელ ინტერვიუმდე მისი გუშინდელი განცხადება იყო, სადაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის იმ ხასიათის და ტიპის, რომელიც არ იომებს, ქვეყანაში ომს არ დაიწყებს. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომი იქნებოდა და ეს თქვა არესტოვიჩმა. ვადასტურებ, რომ ჩვენ ომს არ ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი ავიცილოთ. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას სჭირდება და მის ინტერესებშია, მაგრამ ეს არ არის ამ ქვეყნის ინტერესებში, რომ ამხელა რისკის ქვეშ დადგეს. ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რადგან უკრაინასა და მის ზოგიერთ წარმომადგენელს დახმარება სჭირდებათ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქონ. თუ რუსეთს სხვა ფრონტები გაეხსნება, მათ ექნებათ შვება, მაგრამ საქართველომ რომ კიდევ ახალი ფრონტი გახსნას, აგვისტოს ომის გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, მეტის ძალა არ გაგვაჩნია. ვინაიდან, სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, მგონი, ომისთვის თავის აცილება ლოგიკურია ამ ქვეყნის ინტერესების დამცველი ხელისუფლება თუ ხარ“, – განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიარ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით – ირაკლი ბერაია
შემდეგი სტატიაწულუკიანი – უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს, მაგრამ ჩვენ ქვეყანა გვაბარია და უნდა მივხედოთ მას მშვიდობიან, სტაბილურ პირობებში