დავითგარეჯის საქმე – ზურაბ ნოღაიდელმა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:59

დავითგარეჯის საქმე – ზურაბ ნოღაიდელმა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა

დავითგარეჯის საქმის ფარგლებში გამოძიებას ჩვენება, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ადასტურებს.

როგორც ლონდარიძე აცხადებს, ნოღაიდელის ჩვენებაში საერთოდ არ არის საუბარი ნატალია ილიჩოვაზე და ივერი მელაშვილზე.

ლონდარიძის თქმით, ნოღაიდელის ჩვენებაში უშიშროების საბჭოს სხდომას და რამდენიმე შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებდა.

ამასთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი კომისიის მუშაობაში ფორმალურად იყო ჩართული და ვერ იხსენებს კომისიის წევრების ვინაობას.

7 ოქტომბერს დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. სასამართლომ მელაშვილს და ილიჩოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება “რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას”. საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

წყარო: ტაბულა

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:59