დავით ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia პატივცემულო ხელისუფლებავ.

ჯანდაბას ჩემი თავი, ერთ უფასო რჩევას კიდევ მოგცემთ და მეტს აღარ ვიზამ.

არ ვიცი ვინ გიზით მაქ ე. წ. პიარში და ვინ ადგენს თქვენს მესიჯბოქსებს, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ახლა არის 2019 წელი, ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადა, და, გარდა თქვენგან დამოუკიდებელი ტელევიზიებისა და სააგენტოებისა, არსებობს კიდევ ინტერნეტი, ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი, ყველას აქვს კამერიანი სმარტფონი და მადლობა ღმერთს, ცენზურაც არა გვაქვს.

ჰოდა, აბა თუ მიხვდებით რას ნიშნავს ეს? რას და იმას, რომ ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა დოქტორი გებელსი გამოვიდოდა რადიოში, მოყვებოდა ზღაპრებს და მას ბევრი უჯერებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდა რაიხსმინისტრის ნათქვამის გადამოწმების საშუალება. ახლა კი, როცა მაგალითად ლაპარაკობთ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და იმ უმოწყალო დარბევაზე, რომელიც უკვე შესულია ისტორიაში, როგორც “გავრილოვის ღამე”, სასარგებლოა იცოდეთ: ყველაფერი არის გადაღებული, ჩაწერილი, ტელევიზიებში ნაჩვენები და ინტერნეტში არაერთგზის და არაერთი ადამიანს მიერ ატვირთული.

ამიტომ როცა ამბობთ ისეთ რამეს, რომ თურმე დესტრუქციული პოლიტიკური ძალის (ნეტა ვინ იგულისხმება?:დ ) ორგანიზებული ყოფილა ძალადობა და პოლიცია, ალაგ-ალაგ ძალის გადამეტებას თუ არ ჩავთვლით, პროფესიონალიზმის და ჰუმანიზმის მწვერვალებს იპყრობდა, ნორმალურ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, სოციალური მდგომარეობისა თუ პოლიტიკური სიმპატიისა, უჩნდება ერთადერთი შეკითხვა: აი, ასეთ, მაპატიეთ და სუპერმეგასლეობას რანაირად ამბობთ? ჩვენ გგონივართ დებილები თუ საკუთარი თავი გგონიათ რაიხსმინისტრი გებელსი? სულ დოკუმენტურადაა დადასტურებული პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაული, ადამიანებზე ნადირობა, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სახეში და თავში რეზონის ტყვიების დაშენა, არაერთი კადრითაა ეს ყველაფერი დადასტურებული – ახლო ხედით, პანორამული ხედით, ზემოდან, ქვემოდან თუ გვერდიდან. უამრავი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, თვალი დაკარგა რამდენიმე ახალგაზრდამ. და რას გვეუბნებით? ნაცების პროვოკაცია იყო ესაო! გვეღადავებით?

ოცდამეერთე საუკუნეა. 2019 წელი. რამდენი ფეიკ-გვერდიც არ უნდა შექმნათ, რა ფულიც არ უნდა ყაროთ ამ ბოდვის პროპაგანდაში, ხომ მაინც ყველამ ყველაფერი იცის? კარგი, სინდისი დავუშვათ არა გაქვთ და არ გრცხვენიათ, მაგრამ სერიოზულად გჯერათ, რომ ამას ვინმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს? რაში ყრით ფულს? ვერ ხვდებით, რომ პროვოკაციაზე აპელირება ელემენტარულად შეურაცხმყოფელია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი?

მოკლედ, კალენდარს შეხედეთ რა. 2019 წელია, ოცდამეერთე საუკუნე. თქვენ კი სად ხართ? სად ჩარჩით?-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავიტ ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიმაია ნადირიაძე: მიაწექით, უკან არ დაიხიოთ!
შემდეგი სტატია“ცალი თვალითაც გხედავთ” – სპორტსმენების სოლიდარობა აქციას