დავით ზურაბიშვილი: პატივცემულო ხელისუფლებავ, სახლში რა შეხედულებებიც გინდათ ის გამოთქვით, მაგრამ გარეთ აღასრულეთ კანონი და იფიქრეთ ქვეყანაზე

ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ ვიღებდით პარლამენტში, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიღების აუცილებელი პირობა იყო, ოპონენტების მხრიდან მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ ესაა “ცოდვის დაკანონება” (თავისთავად ფანტასტიური ტერმინია, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში რომ არ ჯდება, მაგრამ ეს სხვა თემაა) და როგორც კი ამ კანონს მივიღებთ, მეორე დღიდანვე რუსთაველზე ტიტლიკანა გეიები ირბენენ.

არ ვაჭარბებ, ზუსტად ასე ამბობდნენ.

საპატრიარქო მაშინ ღიად და ოფიციალურად უპირისპირდებოდა ამ კანონის მიღებას, იყო განგაშის ზარების დარისხება ამბიონიდან და ლამის აპოკალიფსის დახატვა, მაგრამ როდესაც კანონი მაინც იქნა მიღებული, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა და რუსთაველზეც შიშვლად მორბენალი არც გეი უნახავს ვინმეს და არც ჰეტერო, ამ კანონის დემონიზებამ აზრი დაჰკარგა. დღეს, თითო-ოროლა კოლორიტულ ოდიოზს თუ არ ჩავთვლით, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას სერიოზულად აღარავინ ითხოვს.

და ეს ბუნებრივია, რადგან როცა რაღაც ქმედებას წარმოსახავ ლამის მომაკვდინებელ საფრთხედ, მერე ეს ქმედება ხორციელდება, შედეგად არც არავინ კვდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება, მეორედ იგივე ქმედებაზე განგაშის ატეხვა უკვე ძალიან არასერიოზულია.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ თბილისის პრაიდის ფარგლებში ე. წ. ღირსების მარში თუ შედგება, ის მოქალაქეები, ვინც ახლა გულწრფელად აღშფოთებული არიან, რას ჰქვია ლგბტ დროშების ფრიალით გაიარონ ვიღაც ტიპებმა ქუჩაშიო, რა იხილავენ, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, სამომავლოდ გაცილებით გულგრილად შეხედავენ ამ ტიპის აქციებს და მერე მათ ვერნაირი ლევანვასაძეები ვეღარ ააგდებენ კომბლების რევოლუციისკენ მოწოდებებით

მოკლედ, ეს მარში მანამდეა ბუა და საფრთხობელა, სანამ ჩაუვლია, თორემ თუ ჩაივლის, მერე მხოლოდ მარში იქნება და სხვა არაფერი.

და აქ რა არ შეიძლება დაუშვას სახელმწიფომ და ის, რომ ვიღაც აგრესიულმა ტიპებმა, რომლებიც თან ღიად შემჩნეულნი არიან ანტიდასავლურობასა და პრორუსულობაში, ხელი შეუშალონ მოქალაქეთა ჯგუფს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციაში, რადგან ეს იქნება ძალიან საშიში და სახიფათო პრეცედენტი. პრეცედენტი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური უმცირესობებით და გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს.

ამიტომ “პიდარასტები არ მევასება”, “სახლში რაც უნდათ ის აკეთონ”, “საქართველოში ეს არ გაუვათ” და ანალოგიური ტიპის არგუმენტები, როგორც ძველად იტყოდნენ, გრამაფონშია. კონსტიტუცია არის კონსტიტუცია და კანონი არის კანონი. უზრუნველყოფს ხელისუფლება კანონის დაცვას და ჩაივლის მარში? გაგრძელდება ცხოვრება და არანაირი გართულებები ამას მერე აღარ მოჰყვება. დაჰყვება ხელისუფლება საპატრიარქოს არამართლზომიერ მოთხოვნას და მოერიდება ექსტრემისტების განაწყენებას? მომავალ წელს გვექნება კიდევ ერთი ადგილობრივი მასშტაბის გეი-აპოკალიფსი და გაიწი-გამატარე, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაზე რომ არაფერი ვთქვა.

მოკლედ, პატივცემულო ხელისუფლებავ, სახლში რა შეხედულებებიც გინდათ ის გამოთქვით, მაგრამ გარეთ აღასრულეთ კანონი და იფიქრეთ ქვეყანაზე..

P. S მართალია დათაგვა გაგიუქმებიათ და ვერ ვახერხებ. მაგრამ ხომ ვიცი რომ მაინც კითხულობთ? 🙂 ასე, რომ დაფიქრდით. 🙂

 

დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
შემდეგი სტატიასერგეი გავრილოვი – საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ