დავით ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას პანიკურად ეშინიათ სააკაშვილის

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ის არ აპირებს აქ ჩამოსვლას. არჩევნების მერე კი ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა იქნება ხელისუფლებაში.
ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი რეალურადაც დამნაშავეა იმ საქმეებში, რის გამოც გასამართლებულია. კერძოდ ის მართლა პიჯაკის და კბილის პასტის გამო კი არაა გასამართლებული, როგორც მისი მომხრეები აფორმებენ, არამედ გირგვლიანის საქმის, 7 ნოემბრის, იმედის დარბევის და ვალერი გელაშვილის ცემის გამო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ჩამონათვალში სააკაშვილის ბრალეულობასა და პასუხისმგებლობაზე მე პირადად ეჭვი არ მეპარება.
და აქ უნდა ვთქვა ჯადოსნური და ყოვლისამომტრიალებელი სიტყვა “მაგრამ”.
რამდენადაც ქართულმა ოცნებამ ისე წაიყვანა სააკაშვილის დანაშაულებათა გამოძიება, რომ მსოფლიოში არავის ეჭვი არ ეპარება მის მიმართ ბრალდების და განაჩენის პოლიტიკურ მოტივაციაში;
რამდენადაც სააკაშვილის ფაქტორი ქმნის პრობლემებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან ურთიერთობებში;
რამდენადაც პოლიტიკური დევნილის იმიჯის მქონე ექსპრეზიდენტი ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია ზოგადად ქართულ სახელმწიფოზეც;
რამდენადაც შიდა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის პერიოდული შემოჭრა-განრიდებები არანაირად არ უწყობს ხელს ამ პროცესების სიჯანსაღეს;
ამ ვითარებაში ყველაზე სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება, რაც მიხეილ სააკაშვილს საშუალებას მისცემდა სრულფასოვნად ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში.
ეს არ იქნებოდა მისი უდანაშაულობის აღიარება, არამედ მხოლოდ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მოწონებით შეხვდებოდა ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ერთადერთი ვისაც ეს ეწყინებოდა, არის მხოლოდ ვლადიმირ პუტინი.
მე პირადად იმაშიაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მყოფი სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, არამედ მხოლოდ დაკარგავდა რეიტინგს და აღარ იქნებოდა ვისთვის მესია, ვისთვის ბუა. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ მისი აქ ყოფნის ნამდვილად არ მეშინია და არ მგონია რომ რაღაც ვაი-უშველებელს დაატრიალებს.
მაგრამ (კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ეს სიტყვა) როგორც ჩანს ასე ჰგონია ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მათ პანიკურად ეშინიათ სააკაშვილის, რისი დასტურიც იყო დღევანდელი სხდომა პარლამენტში, როდესაც უმრავლესობის წევრები დამწკრივდნენ და მიშას გმობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
და რომ ეშინიათ ეს კი არ მიკვირს (იქ პოლიტიკოსი და საერთოდ პოლიტიკური მეხსიერების მქონე არავინ დარჩა და ჰგონიათ მიშამ ვარდების რევოლუცია არაფრისგან გააკეთა), არამედ ის, ამ შიშის დემონსტრირება კარგი პიარი რომ ჰგონიათ.
მოკლედ, არსებულ სიტუაციაში სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯი, რითაც ხელისუფლება საბოლოო ჯამში უფრო მეტს მოიგებდა, ვიდრე წააგებდა, მაგრამ ამ ხელისუფლებაში ამის გამგები არავინაა და პრეზიდენტიც სხვა ზურაბიშვილია-წერს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” გორისა და ახალციხის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატია​სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა