ირაკლი კობახიძე ხშირად ლაპარაკობს ამერიკასთან ურთიერთობის სრულმასშტაბიან გადატვირთვაზე. რატომღაც ამას ნაკლები ყურადღება მიექცა თავის დროზე და მხოლოდ ნორმალიზების სურვილის გამოვლინებად ჩაითვალა. არადა ღირს ყურადღებად.
საქმე ის გახლავთ, რომ ტერმინი “გადატვირთვა” სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არ გამოიყენება იმ გაგებით, კომპიუტერი რომ დაეკიდება და მერე რესტარტით აამუშავებ. ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მტერთან ცდილობ მორიგებას და არამც და არამც მოყვარესთან.
მართლაც, თუ რომელიმე სახელმწიფოსთან ადრე მეგობრული და კარგი ურთიერთობა გქონდა და მერე რაღაც მიზეზის გამო გაგიფუჭდა, რატომ უნდა დაიწყო ყველაფერი ნულიდან და რატომ უნდა გადახაზო ძველი მეგობრობა და ის სიკეთეები, რაც მიგიღია ამ მეგობრობით? ამ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის ნორმალიზება გინდა, ბუნებრივი და ლოგიკური იქნება დაუბრუნდე ძველს და არა ახლიდან დაიწყო ყველაფერი.
როდესაც ბარაკ ობამამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა,. ეს პირველ რიგში ნიშნავდა სწორედ ისტორიული მტრობის დასრულებას. სხვა საკითხია, რამდენად სწორი იყო ეს მცდელობა. ჩემი აზრით, არსებითად არასწორი იყო, მაგრამ რაც იყო, იქ ყველანაირი ინტერპრეტაციით იგულისხმებოდა წარსულში მტრული ურთიერთობების გადახაზვა. მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე არავინ არასდროს არ საუბრობს.
ირაკლი კობახიძის შეთავაზებაც ტრამპის ადმინსტრაციას ურთიერთობის გადატვირთვაზეც, სწორედ ამას ნიშნავს. ანუ სულ რომ არ გააკეთოს განმარტება, თავად ეს ტერმინი იმპლიციტურად გულისხმობს, რომ ამერიკა ადრე საქართველოს მტრობდა, მაგრამ ბატონი ბიძინა მზადაა დიდსულოვნად შეუნდოს ამერიკას ძველი ცოდვები და გამოთქვამს მზადყოფნას ყველაფერი თავიდან დალაგდეს.
მე არ ვიცი რა წერია ტრამპისთვის მიწერილ იმ წერილში რომელზეც ელჩი დანიგანი ლაპარაკობდა, მაგრამ ურთიერთობის გადატვირთვის შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკვე თავისთავად არის არასერიოზული და შეურაცხმყოფელი ჟესტი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც ბოლო დრომდე ოფიციალურად იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (ეს უნდა გადავხაზოთ?), დღემდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მთავარი გარანტორია და რომლის ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ქართული სახელმწიფოებრიობა 90-იანების ქარიშხლიან პერიოდს ან გადაიტანდა ან არა.
რას შეიძლება ველოდეთ ტრამპის ადმინისტრაციისგან ასეთი, მე ვიტყოდი თავხედური და არაკვალიფიციური შეთავაზების პასუხად, მე ასევე არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, კარგს არაფერს. რასაკვირველია, ხელისუფლებას ეს მძიმედ მოუბრუნდება, მაგრამ მანამდე სწორედ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვმართებს სერიოზული ძალისხმევა, რათა ისე არ დაგვემართოს, პეტრეს მოსვლამდე რომ პავლეს ტყავი გააძვრეს,-წერს დავით ზურაბიშვილი.