დავით ზილფიმიანი: ზეწოლა არ ყოფილა

ზეწოლა არ ყოფილა და ვინც მიცნობს, ამ შეკითხვას არც იკადრებს და არც მაკადრებს, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიუფინგზე დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში იყო და პარლამენტში შესვლაზე უარი არ განაცხადა.

დავით ზილფიმიანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლებმაც მას კომენტარი სთხოვეს ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, „ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.

„დასანანია, მაგრამ ფაქტია და თქვენც დამეთანხმებით, მივეჩვიეთ – ყველას ამას არ ვაკადრებ, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებაზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. ჩემი შინაგანი რწმენით, მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და ყოველთვის საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნოლოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ მიერ ნათქვამი, თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავისი აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორც ბიზნესმენს, რა არ მოსწონს „ქართული ოცნების“ მმართველობაში; რა არის ის ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს.

„რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას, მეორე – მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას, ეს ცოტაა? და მესამე – რაღა თქმა უნდა, აუცილებლად გადასახედია მთელი ის დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია, ჩადებული ნაღმებია ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი, იგივე სასამართლოები, იმის გამო რომ სასამართლოში შეუძლია, ერთი და იგივე კანონი ორნაირი ფორმით იყოს აღქმული. აი, ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“, – მიმართა მან ჟურნალისტებს,

​ამასთან, შეკითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას ხომ არ ჰქონდა ადგილი, დავით ზილფიმიანმა განაცხადა: „მე ამაზე უკვე პასუხი გავეცი, მაგრამ თქვენთვის კიდევ გავცემ პასუხს – მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა და ვინც მე მიცნობს, ის არც თავის თავს აკადრებს ამ შეკითხვას და არც მე მაკადრებს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა
შემდეგი სტატიაკავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა