დავით ზილფიმიანი – მხარს ვერ დავუჭერ იმ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა

მხარს ვერ დავუჭერ იმ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა. ამ ნაწილში სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა ფიქრობს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს და დანაშაულისთვის ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს.

„ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ჩემთვის ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს. იურიდიული ნორმა ყველამ უნდა შეასრულოს. იმ ნაწილის გაგება მინდა, რომელიც სადავოა. რას ნიშნავს, გირაოს გირაო? ამას ვერ მივხვდი. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. თუმცა იმის მიმდევრად ვრჩები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ყველა ერთნაირად უნდა დაუსაჯოს ან დაუსაჯოს. მე არ მითქვამს, რომ ეს საქმე შერჩევითი სამართლის გამოხატულებაა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე – იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდება