დავით ზალკალიანმა გერმანიის მიგრაციის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტთან უვიზო მიმოსვლისა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი​ დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს საქართველოსათვის. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მთავრობა ძალღონეს არ იშურებს მისი შეუფერხებელი ფუნცქიონირების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებით წარმოქმნილ სირთულეებზე, განსაკუთრებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის კონტექსტში. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დიდი უმრავლესობა არ კმაყოფილდება.

დავით ზალკალიანმა ანდრეა შუმახერს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ზომები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდებლო დონეზე. აღინიშნა, რომ თავშესაფრის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

შეხვედრის დასას​რულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაგრძელდება მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიშპს „ მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა) იპ „ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატია„ამერიკის ხმა“ – ლევან იზორია, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება