დავით ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საგარეო უწყება აქტიურ კოორდინაციას გეგმავს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დაწესდეს.

“შეხვედრა ემსახურებოდა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან“ დაკავშირებით. მე მათ დეტალურად განვუმარტე ის კრიტერიუმები, რის საფუძველზე მოხდა ამ სიის ფორმირება; ასევე ის, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოს მთავრობის დადგენილება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მე კიდევ ერთხელ შევახსენე მათ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაბამისი სანქციები უნდა მიიღონ სიაში შესულ პირებთან მიმართებაში. ასევე, პოზიტიურად შევაფასე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საკანონმდებლო ინიციატივა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა, ყველა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენ გვჭირდება კოორდინებული მუშაობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და საერთაშორისო სტრუქტურასთან, იმისთვის, რომ შემზღუდავი ზომები იქნას შემოღებული იმ პირების მიამრთ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაულები ოკუპირებულ ტერიტორიებზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში“თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა” – ბრალდებულის ბიძაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა