დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან, მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდგომ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული ვითარება იყო.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების გამო, რაც ართულებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და საჭიროებს მხარეების ძალისხმევას ვითარების შემდგომი ესკლაციის თავიდან აცილებისათვის. ამ მხრივ მხარეებმა გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ ყველა შესაძლო ფორმატების აქტიურ გამოყენებას, როგორც არსებული ვითარების განმუხტვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია საკითხისადმი კომპლექსური, გლობალური პროცესების ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა და გამოსავლის გზების ძიება.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიური წარმოჩენისთვის და ამ საკითხზე გენერალური მდივნის რეგულარული ანგარიშებისთვის.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხები. მარია პეიჩინოვიჩ ბუჩიჩი მიესალმა საქართველოს თავმჯდომარეობას და წარმატება უსურვა ქვეყანას აღნიშნული მისიის განხორციელებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და თავმჯდომარეობის დღის წესრიგზე, ქართული მხარის განცხადებით საქართველოს საქმიანობა მიმართული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისკენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2019 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას 6 თვის ვადით საფრანგეთისგან გადაიბარებს.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა