დავით ზალკალიანისა და ტოვიო კლაარის შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო საუბარი

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის შეხვედრაზეც შეეხო საუბარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ადგილზე რამე სახის ახალი ინციდენტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისი სამსახურები რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.

ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს დაეთმო.

რაც შეეხება ხურვალეთს, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

რუსი სამხედროების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არ დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს
შემდეგი სტატიაგალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს