დავით ზალკალიანი – შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაცის მიმართულებით.

გარდა ამისა, ზალკალიანის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რა განვითარებაც გვაქვს რეგიონში, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების თვალსაზრისითაც, ასევე ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის კუთხითაც. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება ეს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება და საკუთარი თვალით მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე იყო დაყენებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.

ბუნებრივია, ასევე განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერის ვიზიტის დროს, პრეზიდენტი საქართველოსთან ერთად ეწვევა უკრაინას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინების თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება, განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის განმარტებით, საუბარი შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას.

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის, ასევე დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშნელოვანია ამ ვითარებაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“, – განცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი​​ – შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის ცხადი ნიშანია
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს