დავით ზალკალიანი – საქართველოში უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან 3 თებერვალს სტუდენტების აქცია იგეგმება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ზალკალიანის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით გაკვირვებულია. ამასთან, როგორც მინისტრი ამბობს, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.

„მართალი გითხრათ, ცოტა მეც გაოცებული და გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით. არ ვიცი. რამდენად სერიოზულია ეს განცხადება, მიჭირს ამაზე კომენტარი. საქართველო აღიარებულია მთელი ცივილიზებული მსოფლიოს, ევროკავშირის მხრიდან როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც კი ჰყავს შეყვანილი. არანაირი შეზღუდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს არ ექმნებათ. ჩვენ გვყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ტურისტები, მათ შორის რუსეთიდან, ამიტომ ცოტა უცნაურია მსგავსი სახის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება- ენმ-ს აქტივისტის დაკავებისას დარღვევები დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა