დავით ზალკალიანი – საგანგაშოა, რომ ეუთო-ს წევრი რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ისევ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, არღვევს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით ცვლის საზღვრებს

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 20:56

დავით ზალკალიანი – საგანგაშოა, რომ ეუთო-ს წევრი რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ისევ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, არღვევს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით ცვლის საზღვრებს

საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ჩვენ ჯერ კიდევ ველით საპასუხო ნაბიჯებს რუსეთისგან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი კიდევ უფრო მეტად ახდენს სამხედროების კონსოლიდაციას საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

„რუსეთი ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლის მაგალითი „კავკასია 2020“-ია. დრო გადის და უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც უკანონო პოლიტიკის მძევლები არიან. გაერო-ს მოწოდებების უგულვებელყოფა, ღობეების და სხვა ფიზიკური ბარიერების შექმნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დრამატულად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. უფრო მეტიც, ეთნიკური ქართველების სასტიკი მკვლელობები, უკანონო დაკავებები საერთო პრაქტიკა გახდა ამ რეგიონებში. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და ადამიანის უფლებების მონიტორები, მათ შორის ერთადერთი საერთაშორისო მისია ადგილზე – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ ახერხებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე შესვლას.

ასევე, სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მოლაპარაკების ფორმატის მიმართ, როგორიცაა ჟენევის დისკუსიები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიმზი. ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებით, რუსეთი ხელს უშლის არსებით დისკუსიებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ რუსეთი დგამს დამატებით ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ.

„რამდენიმე დღის წინ საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის მიღება რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არის რუსეთის მცდელობების კიდევ ერთი მანიფესტაცია, სრულად ჩაერთოს საქართველოს განუყოფელ რეგიონებში თავისი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემებით. რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ საშუალებებს. დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ასევე ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმები მთავრობის, სასამართლოს და კერძო სექტორების წინააღმდეგ.

რუსეთის პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებით ამუშავდა ლუგარის სამედიცინო ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ბრძოლაში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების ერთგულია. მისი თქმით, საქართველი მტკიცედ მისდევს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას.

„სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს ზრდის ჩართულობას და მოსახლეობას შორის კონტაქტს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამ რთულ დროს, ჩემი მთავრობა ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს აფხაზეთის რეგიონს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რთული მდგომარეობა შემსუბუქდეს. სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონი სრულად იზოლირებულია და დახმარებაზე უარს ამბობენ.

საქართველო სრულად ასრულებს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არაერთხელ დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ჩვენ ჯერ კიდევ ველით საპასუხო ნაბიჯებს რუსეთიდან. კონფლიქტების გრძელვადიანი გადაწყვეტა დამოკიდებულია რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და დაუშვას ადამიანის უფლებების და საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმებები საქართველოს ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.

ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვცდილობთ ტრანსფორმაციას და გვსურს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანი სიტყვით გამოსვლისას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.

„ახლახან საქართველოს ჰქონდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ყველა ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო“, -აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს წევრებს მოუწოდა, რომ საერთაშორისო დოკუმენტებზე კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, რაც ნდობას უზრუნველყოფს.

„45 წელი გავიდა ჩვენი ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებიდან, 30 წელი კი პარიზის ქარტიის მიღებიდან. ამ დოკუმენტებმა ჩაუყარა საფუძველი მშვიდობიან და წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეუთო-ს ზონაში. მიუხედავდ ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება საერთო პოლიტიკური ნება ერთიანი საფუძველისთვის და დიალოგის წარმართვისთვის. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივაღწიოთ კონსენსუსს არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, მათ შორის პოლიტიკურ დეკლარაციაზე, ვენის დოკუმენტზე და გაერო-ს უშიშროების საბჭოს დოკუმენტზე. მჯერა, რომ ამ დოკუმენტების მიღება უზრუნველყოფს ძალიან საჭირო ნდობას და გამჭვირვალობას.

ჩვენ აღმოვჩნდით ახალი რეალობის წინაშე, როდესაც პანდემიამ ეუთო-ს ზონაში უსაფრთხოების ვითარება გააუარესა. მჯერა, რომ ეუთო და მისი ორგანიზაციები ეფექტურობის ტესტს გაივლიან, განსაკუთრებით საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საგანგაშოა, რომ ეუთო-ს წევრი რუსეთის ფედერაცია საქართველოსა და უკრაინაში ისევ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს და არღვევს საზღვრების ურღვევობის პრინციპებს, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით ცვლის საზღვრებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 20:56

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics