დავით ზალკალიანი : რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, რის საპასუხოდაც მხარდამჭერთა კონსოლიდაციას ვცდილობთ

რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, რის საპასუხოდაც მხარდამჭერთა კონსოლიდაციას ვცდილობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლონდონში, ​ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ნატო-ში სრული ინტეგრაციაა.

„საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ასპირანტი ქვეყანაა ამ კუთხით. ეს აღიარებულია, რადგან საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ასევე წლიური ეროვნული პროგრამა, საქართველო-ნატოს საბჭო მოქმედებს. საქართველოს აქვს არსებითი პაკეტი, რომელიც ეხმარება, დააჩქაროს პროცესი, რომელსაც მივყავართ საქართველოს საბოლოო მიზნამდე, ნატო-ს წევრობამდე.

ამავე დროს, შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ნატო-სთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან მოდის. ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, რუსული ოკუპაციის პროცესი გრძელდება. ასევე გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესი საოკუპაციო ხაზზე. ხალხს იტაცებენ და არალეგალურად ჰყავთ დაკავებული. რიგითი ადამიანები იტანჯებიან. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს და არალეგალური პატიმრობა მიუსაჯეს. ის ახლაც პატიმრობაშია და ვცდილობთ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას. ეს არის ის, რაც საქართველოში ყოველდღე ხდება. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამაზე საპასუხოდ მხარდამჭერთა კონსოლიდაციას ვცდილობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანი, გაწევრიანდეს ნატო-ში, არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არის საჭირო თავდაცვის გასაძლიერებლად.

„თურქეთი არის მნიშვნელოვანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენ თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. თურქეთი საქართველოს ძლიერი მოკავშირეა.

თურქეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ინტერესებშია, რომ რეგიონში სიტუაცია დასტაბილურდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესი, რადგან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო გარემოს გარეშე ევროატლანტიკურ სივრცეშიც არ იქნება უსაფრთხოება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ყველა პარტნიორი მობილიზებულია
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : შავ ზღვაზე სტაბილურობის გარეშე ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი