დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 23-24 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება თბილისის კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის კონფერენცია გახლავთ საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარული ფორმატი, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და მისი როლისა და დახმარების ამაღლებას. ფორმატი 2015 წელს დაფუძნდა.

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ასევე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით წარსდგება მინისტრების სესიაზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეძღვნება. მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობენ პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) უკრაინისm(პავლო კლიმკინი) ლიეტუვის (ლინას ლინკევიჩიუსი) და მოლდოვას(ტუდორ ულიანოვიჩი) საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრები პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში, პოლონეთის სენატსა და სეიმში. მარშალებთან სტანისლავ კარჩევსკისთან და მაკ კუხჩინსკისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და სმოლენსკის მემორიალს.

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პოლონეთის რესპუბლიკას პირველად ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიეს არის დევნა და მეკობრეობა მედიის წინააღმდეგ – შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მუქარაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : როგორც ჩანს, ივანიშვილი რუსთავი 2-ის დახურვის გეგმას ისევ ამუშავებს