დავით ზალკალიანი : ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებაში შეიტანონ განცდა, თითქოს ამერიკა მინიშნებას იძლევა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის

ოპონენტები ცდილობენ, სტრატეგიული პარტნიორობა თარგმნონ არასწორად და საზოგადოებაში შეიტანონ განცდა, თითქოს ამერიკა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რაღაც ქმედებებით მინიშნებას აძლევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სენატორ ჯიმ რიშის საკანონმდებლო შესწორებაზე ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს.

„ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რამდენიმე წელია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამ დოკუმენტში არის ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. წლევანდელ ავტორიზაციის აქტშიც არის უაღრესად სწორი დეფინიცია და საქართველოს მხარდაჭერა მკაფიოდ არის ასახული. ის უკვე მიღებულია ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ამჟამად გადის განხილვებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. სენატორ რიშის შესწორება ოპოზიციამ წარმოაჩინა ისე, თითქოს თუ არ იქნება ის გათვალისწინებული, საქართველო არანაირ დახმარებას არ მიიღებს და აისახება საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. სენატორი რიში საქართველოს მეგობარია. შესწორებები რომ წაიკითხოთ გულდასმით, იქ საუბარია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. საუბარი არის 8 მარტის შეთანხმებაზეც და გიორგი რურუაზეც, თუმცა არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოჩენას, თითქოს იქ არის საუბარი რურუას პოლიტპატიმრობაზე. იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე. სიცრუეა, რომ იქ რაღაც პირობითობაზეა საუბარი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმორაგბეების ადვოკატი: რაიმე დანაშაულში მონაწილეობას ისინი არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიაNew York Times: საქართველო იმ ქვეყნების საბოლოო სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის