დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 4-5 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში. მინისტერიალის პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

banner
წინა სტატიაშიყალბი პირადობის მოწმობები – კახა ასკურავა, რომელმაც დოკუმენტები იპოვა პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება