დავით ზალკალიანი: მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეზოლუციის მიღებას

მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეზოლუციის მიღებას, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო მშვიდობას, უსაფრთხოებას, მდგრად მშვიდობიან განვითარებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, ქმედით მხარდაჭერას უპირისპირებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და დე ფაქტო ანექსიის პროცესს.

„აღნიშნული რეზოლუციით საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ძალის არგამოყენებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული.

ეს არის ღია განაცხადი, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ტრანსფორმაცია, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება და ნდობის აღდგენა.

რეზოლუცია ეხმიანება და დადებითად აფასებს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც ჩვენ – საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავიწყეთ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის ფორმატში, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შევიმუშაოთ ინკლუზიური და ყოვლისმომცველი სახელმწიფო ხედვა ამ პრიორიტეტული მიმართულებით.

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით, ვფიქრობ, რეზოლუცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიIRI-ის კვლევით, ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჯარი, მეორეს საპატრიარქო, მესამეს კი იუსტიციის სახლი
შემდეგი სტატიაცესკოში “ევროპელი დემოკრატების” წარმომადგენელი ია პირტახია იქნება