დავით ზალკალიანი – მიუნხენის კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ

მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში იმართება მრავალი ღონისძიება, მათ შორის პარალელური ღონისძიებები.

დავით ზალკალიანის განცხადებით, წელს კონფერენციაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ ჭრილში და იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ღონისძიებები გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესებისთვის. წლევანდელი კონფერენცია მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რათა საქართველო იყოს რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოდგენილი საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფონზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და გერმანიის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაცია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფოებრივს უნდა მოვარგოთ კანონმდებლობა და არა კანონს სახელმწიფოებრივი”-გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამილიონი ხელმოწერის შეგროვება – 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა