დავით ზალკალიანი: ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკისთვის სამაგალითოა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები.

მისი თქმით, აღნიშნული გზავნილები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება და მიუთითებს, რომ საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და ჩვენ ვხდებით დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის რეგიონში და რეგიონს მიღმა.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ არსებული ორპარტიული მხარდაჭერა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინიციატივები ეკუთვნის.

„მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია(VIDEO) შსს-მ მიმდინარე წელს 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა