დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს დღეს დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია ჟენევაში დღეს იხსნება. ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული სხდომები წელიწადში სამჯერ იმართება, თუმცა წელიწადში ერთხელ სესია მაღალი დონის სეგმენტით, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების რანგით ტარდება.

სწორედ ამ ფორმატში მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე წარადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს.

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით – „ადამიანის უფლებათა კარგი ისტორიები ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“ (Good Human Rights Stories about Women Empowerment and Gender Equality). როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც ევროკავშირმა, გაერო-სთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა.

ღონისძიების მონაწილეებს, დავით ზალკალიანთან ერთად, სიტყვით მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე, ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ​ემონ გილმორი, ნორვეგიის, ინდონეზიის, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.

ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან – გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ ფრენსის გარისთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტ ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან.

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა შაჰიდს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგაზაფხულო სესიაზევე, მარტში ქართული მხარე უკვე მეოთხედ დააყენებს კენჭისყრაზე რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. რეზოლუციის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება მოხდეს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა მიეცეს.

საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის განხილვა 4 მარტს დაიწყება და კენჭისყრაზე 20 მარტს გავა. რეზოლუციას კენჭი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ უნდა უყაროს, რომლის შემადგენლობაშიც 47 ქვეყანა შედის. რეზოლუცია დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს წევრთა უმრავლესობა დაუჭერს.

ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები სამი წლის ვადით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით აირჩევიან. საქართველო ამ ეტაპზე საბჭოს წევრი არ არის, მას წევრობა 2018 წელს ამოეწურა და კანდიდატურას კიდევ ერთხელ 2023 წელს დააყენებს.

banner
წინა სტატიაშიის, რომ თავადაც მხილებულია პედარასტიაში ვისი ბრალია?
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა