დავით ზალკალიანი ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თემაზე არასამთავრობოებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) კონცეფცია და დოკუმენტის შემუშავების მიზნით მიმდინარე საქმიანობა გააცნო.

„საგზაო რუკა წარმოადგენს საქართველოს ცალმხრივ ინიციატივას და განაცხადს, რომ ქვეყანა მზად არის გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის განსახორციელებლად“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საბოლოო დოკუმენტი შედგეს და წარედგინოს ევროპელ პარტნიორებს, ის უნდა იყოს სრულფასოვანი თანამშრომლობის შედეგი.

„მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამ მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო, ეს არ არის მარტო ჩემი შეფასება, ასეთ შეფასებას ჩვენ ვისმენთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, რაც ასახულია სხვადასხვა დეკლარაციებსა და განცხადებებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ასოცირების დღის წესრიგი მიღწეულია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

„ჩვენ უფრო ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს. გვინდა, ასოცირების ხელშეკრულების და დღის წესრიგის მიღმა წავიდეთ. ამიტომ, საგზაო რუკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩვენი უფრო მეტი ინტეგრაცია სექტორული თანამშრომლობის კუთხით, უფრო მეტი აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის პროგრამებსა და სხვადასხვა სააგენტოებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, კერძოდ, უსაფრთხოების დიალოგი, ასევე უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ აქვს და რომელიც ნოემბერში გაიმართება. ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. სწორედ ეს ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც გულისხმობს სწორედ ევროკავშირთან საქართველოს საგზაო რუკა“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

banner
წინა სტატიაშიფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული
შემდეგი სტატია“აფხაზეთი განგრენა არ არის,”- სალომე ზურაბიშვილს გორში ტრანსფარანტებით ხვდებიან