დავით ზალკალიანი – ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა

საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა უპრეცედენტო ფორმატების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრითა და იქ დასახული მიზნების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე ასოცირების საბჭოს 5 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც იმსჯელეს.

„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება 5 მარტის ასოცირების საბჭოს შეხვედრისთვის მზადება იყო. გავიარეთ დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება. ასევე ვისაუბრეთ საგზაო რუკის შესახებ, რომელიც დასრულებულია და ევროპელ პარტნიორებს ამ შეხვედრის ფარგლებში წარედგინებათ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო 2019 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესა და აღნიშნულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ევროკავშირის ეგიდით ჩასატარებელ ფორმატებს და ასევე საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს.

„აუცილებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული ფორმატები, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედგების ასახვის თვალსაზრისით ევროინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო სავიზო ლიბერალიზაციას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოდის, როდესაც ადგილი აქვს პროცედურების დარღვევასა და თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით ზრდას. ამიტომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობა იყოს კოორდინაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ სამოქმედო გეგმას, რა პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოყენება.

„სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს შეთანხმებული, კოორდინირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც განხორციელდება, ამ მიმართულებით ველოდებით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ სხდომაზე ევროკავშირთან სექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირის პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი – საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას
შემდეგი სტატიაადვოკატი პროკურატურას მიმართავს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები სრულად გამოაქვეყნოს