დავით ზალკალიანი – ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამბიციური განაცხადისთვის მოემზადოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე დანიშვნა საპასუხისმგებლოა.

მისივე თქმით, საქმიანობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამბიციური განაცხადისთვის მოემზადოს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამოხატა ვიცე-პრემიერის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობას აქვს, არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი საქართველოს სამთავრობო პროგრამაში და მისი სახელწოდებაც „ევროპული საქართველოსთვის“ მიანიშნებს იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. ჩემი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამად ვიცე-პრემიერის პოზიციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური განაცხადისთვის, რომელიც არის დაკავშირებული 2024 წელთან, რომელიც გულისხმობს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, ევროპელ პარტნიორთან და ასევე ქვეყნის შიგნით. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, ყველა უწყების დაუღალავი შრომა იმ მიმართულებით, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციასთან ევროკავშირში, ჩვენს თანამშრომლობას სექტორების მიმართულებით და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 2024 წლამდე, მისი ქმედება, ჩვენი მთავრობის ქმედება იყოს ისეთი ეფექტიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ამბიციური მიზნის განხორციელებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დეოკუპაციაა, რისთვისაც როგორც ზალკალიანი ამბობს, საერთაშორისო პარტნიორთან მეტი აქტიურობა და მუშაობაა საჭირო.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის წინაშე დგას უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დეოკუპაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, ესეც იქნება ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი განზომილება, სადაც საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, მეტი მუშაობა ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან იმისათვის, რომ დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ამავე დროს, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი გზავნილები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ იმ შესაძლებლობების გამოყენება, რა შესაძლებლობებიც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, იყოს შეთავაზებული ჩვენი დებისთვის და ძმებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დამყარებულია ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე და ეს ვალდებულება არის იურიდიულად სავალდებულო. ჩვენ ვართ პირნათელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიმოსვლა, საუკეთესო ევროპულ სკოლებში და უმაღლეს დაწესებულებებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს,მათი რაც შეიძლება მეტი ჩართულობა. სწორედ აქეთ იქნება მიმართული მთლიანად ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი სამთავრობო გუნდის, ჩვენი ხელისუფლების. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განცხადა დავით ზალკალიანმა.

ვირუსის ბლოკატორები