დავით ზალკალიანი ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველთან ემანუელ ბონთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამილახვარის სახელობის პოლიტიკური დიალოგის დაფუძნებას და ამ ფორმატში პირველ შეხვედრას პარიზში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოცემული პლატფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს მედიაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით.

მინისტრმა ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქარველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს და ქართველი სამხედროების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

მინისტრმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სამხედროების დაღუპვის გამო მალიში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას ადვოკატი, ახალი მოსამართლისგან მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევას მოითხოვს
შემდეგი სტატიაბათუმში მამაკაცი ქალს ლიფტში თავს დაესხა