დავით ზალკალიანი – ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან

დღეს და ხვალ საშუალება გვექნება ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენ გვიხდება გამკლავება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის, ლატვიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დახვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტრის ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – “მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ”.

„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და სოლიდარობის დემონსტრირება საქართველოს მიმართ. ასევე, ეს არის იმ სერიოზული კონსოლიდაციის დემონსტრირება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

10 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები და მკვლელობის ფაქტები, რაზეც აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყოს მკვეთრი რეაგირება.

სწორედ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, იმ ფორმატებშიც კი, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ არის, ხშირად ვახერხებთ, რომ საქართველოს თემატიკა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინ იყოს. მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატი. მოგეხსენებათ, რომ იქ მუდმივად იბლოკება საქართველოს საკითხი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატში, როგორიცაა გაერო-ს უშიშროების საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, მუდმივად იყოს საუბარი საქართველოზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თაობაზე განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატია“რომ დამცინოდით, ორი “პაჩკა” სიგარეტიო, იგივე პრობლემა მაქვს” – სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სთხოვს