დავით ზალკალიანი – ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით აშშ-ის როლი ფასდაუდებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების როლი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ფასდაუდებელია და ამერიკის ლიდერობა ამ პროცესში საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

„მუდმივად ჩვენი დღის წესრიგის ძირითადი საკითხია ეს და მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ბოლო მინისტერიალზე, რომელიც ჩატარდა დისტანციურად. ამაზე საუბარი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს ნატო-ში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ჩვენი ვიზიტების დროს ვაშინგტონში და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იქნება ჩვენი დღის წესრიგის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ყველა თანხმდება, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო მიზნისთვის.

„ეს საბოლოო მიზანი არის წევრობა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რაც საქართველოს აქვს, იგივე ყოველწლიური პროგრამა, ფაქტობრივად არის თავსებადი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმისა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავლენას ახდენს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს ჩვენთვის, ამიტომ ჩვენ როგორც ქვეყანა, უნდა ვიყოთ მზად ამისთვის, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მომწიფებული. საქართველოს ვერ განვიხილავთ ამოგლეჯილად იმ გეოპოლიტიკური და დიდი სურათიდან, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს განცხადება