დავით ზალკალიანი – ბრიუსელში ძალიან პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2019 18:04

დავით ზალკალიანი – ბრიუსელში ძალიან პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ

ძალიან სასიხარულოა, როდესაც აცხადებენ, რომ საქართველო უკვე 100 პროცენტით ევროპაშია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი პოზიტიური განცხადება გაკეთდა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკომისიის მხრიდან, ისე პარტნიორების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც აცხადებენ, რომ საქართველო უკვე 100 პროცენტით ევროპაშია, როდესაც აცხადებენ, რომ საქართველო ყველაზე უფრო ადრე გახდება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისგან ევროკავშირის წევრი. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა, რომელიც ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს. მოტივაცია ჩვენ ისედაც არ გვაკლია საქართველოში. ფაქტია, რომ საზოგადოების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას და ეს მთავრობას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, „საგზაო რუკაში“ ასახული ნაბიჯები სწორედ მეტ ფიზიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.

„ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და ის, რაც „საგზაო რუკაში“ არის ასახული, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მომავალშიც, რათა უზრუნველვყოთ კიდევ უფრო მეტი ფიზიკური ინტეგრაცია ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, ხალხთაშორისი ურთიერთობის კუთხით, რათა საქართველო იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ვაახლოებთ ქვეყანას ევროკავშირთან, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გზავნილები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

„ველოდებით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები ბათუმში გვეწვევიან. გვაქვს ძალიან ბევრი დადასტურება საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ასევე დონალდ ტუსკიმ დაადასტურა საქართველოში ჩამოსვლა, იქნებიან ევროკომისრები. ასეთი მაღალი დონის დასწრება საქართველოში არამარტო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ისტორიის განმავლობაში, არამედ ევროპული კონფერენციის მსვლელობის დროს არ გვქონია. ასე რომ, ამ კონფერენციასაც მაქსიმალურად გამოივყენებთ ჩვენი ინტეგრაციული პროცესებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმყოფებოდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2019 18:04

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics