დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.

შეხვედრაზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობა და სტრატეგიულ პარტნიორობა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტს და ბაქოში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს.

მინისტრებმა მომოიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის ამ ფორმატის დიდ პოტენციალს კულტურული, ხალხთაშორისი და ტურიზმის სფეროში კავშირების გასააქტიურებლად.

ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობას და ამ ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. მათ შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საერთაშორისო დანიშნულება, განსაკუთრებით ისეთი გლობალური ინიციატივის რეალიზაციისთვის როგორიც არის ერთი გზა – ერთი სარტყელი. მინისტრები ასევე მიესალმნენ ტრანს-ანატოლიური გაზსადენის პროექტის ინაუგურაციას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური სამუშაოები გასწიონ საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობების შემდგომი პოპულარიზაციისთვის. მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას; აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. მინისტრებმა მომიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის პრინციებისა და ნორმების თანახმად მოგვარებისადმი ერთგულება.

banner
წინა სტატიაშიჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება
შემდეგი სტატია,,გამოჩნდა, რომ ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას”