დავით უსუფაშვილი: სტრასბურგის ინკოგნიტო მორიგე მოსამართლემ, მისდაუნებურდ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანა ძალთა განლაგებაში

სტრასბურგის ინკოგნიტო მორიგე მოსამართლემ, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის ცვლილება შეიტანა რუსთავი2-ის გარშემო ძალთა განლაგებაში
ყველა, ვისთვისაც ქვეყანა პირადი ამბიციების და ანგარიშსწორებების ასპარეზი არ არის, ალბათ ვთანხმდებით, რომ უკვე ძალიან ძვირი დაგვიჯდა დავა ტელეკომპანია რუსთავი2-ის თაობაზე: გაღრმავდა საზოგადოების გამყოფი ხაზები; შემცირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის რწმენა; გაიზარდა პოლიტიკური პროცესისადმი ცინიზმი; გამძაფრდა კულუარული მმართველობის განცდა; გაიზარდა საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი აგრესია; დამახინჯდა საკუთრების და სიტყვის თავისუფლების შინაარსი; გამძაფრდა ბრძოლა წესების გარეშე; შეილახა ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი.
ამასთანავე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პროცესის საზოგადოებრივად სასიკეთოდ დასრულება შეუძლებელია მართლმსაჯულების ეროვნული თუ საერთაშორისო მექანიზმებით. ეს იმიტომ, რომ რუსთავი2-ის საქმეში არც მორალურად და არც სამართლებრივად ბოლომდე მართალი არავინ არის: არც ფორმალურად მოდავე კერძო მხარეები, არც მათი პოლიტიკურ-ფინანსური მეურვეები და არც დავის განმხილველი ინსტიტუცია – სახელმწიფო. ცხადია, ყველაზე სამწუხაროა ამ უკანასკნელის მდგომარეობა. სამი სხვადასხვა ხელისუფლება (მოქკავშირის, ნაცმოძრაობის, ოცნების) სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით მუდამ ცდილობდა ტელეკომპანიის „ჭეშმარიტების გზაზე“ დაყენებას და ამით სახელმწიფოსაც აზიანებდა.
შედეგად, დავაში არ გვყავს ისეთი შესაძლო გამარჯვებული, რომლთან ერთადაც გაიმარჯვებდა მართლმსაჯულებაც, სიმართლეც, სიკეთეც, საკუთრების ხელშეუხებლობაც და სიტყვის თავისუფლებაც. ვინც არ უნდა გამოცხადდეს მტყუან-მართლად და როგორ ზედმიწევნითაც არ უნდა მოხერხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების ქონებრივ-სამართლებრივი ნაწილის აღსრულება, საკითხის პოლიტიკური მდგენელი ყველა შემთხვევაში უფრო გამძაფრდება. დამარცხებული პოლიტიკური ბანაკი მიიღებს „რევანშის“, ხოლო გამარჯვებული – „საქმის ბოლომდე მიყვანის“ ლეგიტიმაცია-მოტივაციას, ანუ ახალი შემართებით გაგრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საყრდენი დემოკრატიულ ღირებულებების ეროზიის პროცესი.
სახეზეა კლასიკური ნიმუში იმ ტიპის კონფლიქტისა, რომელიც მტყუან-მართლის გარჩევით ღრმავდება და არ გვარდება. ასეთ შემთხვევებში მიმართავენ ხოლმე მოლაპარაკებებს მომავალზე შეთანხმებისთვის და არა გარჩევებს წარსულის შეფასებისთვის.
იქნებ ახლა მაინც, როდესაც, დავრწმუნდით, რომ ყველა ყველაფერზე ყველაფრის ფასად ბოლომდე წამსვლელია, ვცადოთ შეჩერება, მოლაპარაკება და გონივრული კომპრომისი. შეთანხმება შესაძლებელია. საქმის ისტორია და დღევანდელობა ყველასთვის ცნობილია.
საკუთრებაზე პრეტენზიის მქონე სამი პოლიტიკურ-ფორმალურ-საძმაკაცო ჯგუფი ცნობილია – 2004-მდე, 2004-07-ში და 2007-ის შემდეგ. მთავარი გასაფრთხილებელი სიკეთე ცნობილია – ხელისუფლებისგან თავისუფალი მედია და კვალიფიციური შემოქმედებითი ჯგუფი. ტელეკომპანიის მთავარი პრობლემა ცნობილია – რევანშისტურ-რევოლუციურად განწყობილი პარტიული მენეჯმენტი. დავის რეალური საფუძველი ცნობილია – პოლიტიკური მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ბასრი იარაღი. პრობლემის კომპლექსურად მოგვარებისთვის საჭირო შეთანხმების ფორმულა ცნობილია – მესაკუთრეების ისეთი კონფიგურაცია, რომელიც გამორიცხავს ერთპარტიულ მენეჯმენტს. პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებით დაინტერესებული მთავარი სუბიექტიც ცნობილია – ქართული სახელმწიფო.
საჭიროა მოლაპარაკებების ინიცირება სწორი სუბიექტის
მხრიდან. სხვათა შორის, სტრასბურგის ინკოგნიტო მორიგე მოსამართლემ, მისდაუნებურდ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანა ძალთა განლაგებაში – უზრუნველყო რუსთავი2-ის სასამართლო საქმეში საქართველოს მთავრობის და პრემიერის ჩართულობის ლეგიტიმაცია. იქნებ, სასიკეთოდ-წერს დავით უსუფაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგაზრდილი დანამატები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში
შემდეგი სტატიაოდეის ტრასის მიმდინარე მშენებლობა, სააკაშვილის თქმით, მისი დამსახურებაა